ახალი ამბები

ომბუდსმენი : ტექდათვარიელების გადავადება არ შეესაბამება მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესებს

26 დეკემბერი, 2017 • 3851
ომბუდსმენი : ტექდათვარიელების გადავადება არ შეესაბამება მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესებს

საქართველოს სახალხო დამცველი ავტოსტრანსპორტის ე.წ.  ტექდათვარიელების გადავადების ფაქტს აკრიტიკებს. როგორც  ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ჰაერის დაბინძურების პრობლემა სულ უფრო მეტად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ხოლო მაშინ, როდესაც ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ტრანსპორტის სექტორია, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება “არ შეესაბამება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტერესებს”. 

როგორც ომბუდსმენი განცხადებაში განმარტავს,  “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონიდან ამოღებულია ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მიუღედავად იმისა, რომ აღნიშნული თარიღის განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობისთვის არ გადაუცია, მთავრობამ 2017 წლის 1 დეკემბერს მიღებული რეგლამენტით  უკვე დაამტკიცა ახალი თარიღები.

“აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მეოთხეჯერ გადაიწია ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების ამოქმედებამ. კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვარი განისაზღვრა იმ თარიღად, როდესაც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მცირე გამონაკლისის გარდა) გავლილი უნდა ჰქონდეს ე.წ. ტექდათვალიერება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს ამ პერიოდში ჩატარებული შემოწმებისას არ მიექცევა ყურადღება, რაც საკითხის კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადადებას გულისხმობს.[2]მაგალითად, 2020 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსპექტირების ჩატარებისას არ იმოქმედებს ტექნიკური რეგლამენტის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: „დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებული ან შეერთების ადგილებიდან, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით“.[3]  ამავე პერიოდში იზრდება გამონაბოლქვ აირებში ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალური დასაშვები შემცველობა და სხვა.[4] შესაბამისად, 2020 წლამდე ჩატარებული ე.წ. ტექდათვალიერების დროს არ შემოწმდება იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც ტექდათვალიერება ვერ უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების დროულად ამოქმედებას იმ სახით, რაც დადებითად აისახებოდა ქვეყანაში ჰაერისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი