ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად სუს-ის თანამშრომლის წინააღმდეგ 19 დეკემბერს სასამართლომ 6-თვიანი დამცავი ორდერი დაამტკიცა – ამის შესახებ ნეტგაზეთს “საფარის” იურისტმა, ელისო რუხაძემ განუცხადა.
იურისტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მსხვერპლმა დახმარებით მიმართა “საფარს”, პროკურატურამ და შსს-მ კი, არაერთგზის მიმართვის მიუეხედავად, გამოძიება არ დაიწყეს. იურისტი ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურები სუს-ის მაღალჩინოსნის გავლენის ქვეშ არიან და გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს.
“სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ძალადობის ფაქტები, რომელსაც, თავიდან უარყოფდა, ხოლო შემდეგ თავად მოითხოვა დამცავი ორდერის დაკმაყოფილება. გამოკითხეს თვითონ მსხვერპლი და მისი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც დეტალურად მისცეს ჩვენება სასამართლოს და სწორედ ამ ახსნა-განმარტების საფუძველზე, ასევე სოცმუშაკის ჩართულობით, სასამართლომ 6 თვის ვადით აუკრძალა მიახლოება, ყველანაირი კომუნიკაცია და ა.შ.”- გვეუბნება ელისო რუხაძე.
მიუხედავად ამისა, იურისტის თქმით, სუს-ის თანამშრომელმა დღეს, 26 დეკემბერს, დამცავი ორდერი დაარღვია, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს და მათ მოქმედებას ელოდებიან.
“პოლიციას და პროკურატურას არაფრი გაუკეთებია. გაყინულია ეს საქმე, ერთი პატარა ნაბიჯიც არ გადაუდგამთ. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ მფარველობას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო სუს-ის ამ თანამშრომელს და ყველაფერს აკეთებს, რომ მფარველობა ბოლომდე გაუწიოს,”- ამბობს იურისტი.
ამ საქმესთან დაკავშირებით “საფარმა” და სხვა ორგანიზაციებმა ბრიფინგი 15 დეკემბერს გამართეს. მათი განცხადებით, სუს-ის თანამშრომელი ქალს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებდა და აშანტაჟებდა:
“მსხვერპლი ქალის გადმოცემით, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის (სუს) თანამშრომელმა მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ქალის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, რომელიც დასტურდება მსხვერპლისთვის გაგზავნილი შეტყობინებებით. 2017 წლის 4 დეკემბერს “საფარმა” მიმართა ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილებას, სადაც ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ გამოძიება მხოლოდ 1261 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ოჯახში ძალადობა), მაშინ, როცა ცალსახად იკვეთებოდა დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა (სისხლის სამართლის კოდექსის 1443მუხლი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილით (ოჯახში ჩადენილი ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული შემადგენლობა.
მიმდინარე დღეების განმავლობაში, გამოძიებისა და დანაშაულის განმეორების პრევენციის მიზნით, „საფარი’’ ითხოვდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების ამოღებას, რიგი ექსპერტიზების ჩატარებასა და მოწმეების დაკითხვას, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები გამოძიებას არ ჩაუტარებია. მეტიც, დღემდე დაზარალებულს აქვს მხოლოდ მოწმის სტატუსი და მის მიმართ არანაირი დამცავი მექანიზმი არ არის გამოყენებული. მათ შორის, მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოცემულა შემაკავებელი ორდერი,”- აცხადებს “საფარი”.