მუნიციპალურ ბაღებში გადასახადების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) განცხადებას ავრცელებს. “იუნისეფი” მიიჩნევს, რომ ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ბავშვები, უფასო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლებით უნდა სარგებლობდეს.
ფონდის განცხადებით, მიუხედავად დასწრების გაზრდილი მაჩვენებლისა, საქართველოს ბავშვების ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე; ამ ფონზე კი გადასახადების შემოღება უთანასწორობის მაჩვენებელს მეტად გააღრმავებს.
“უთანასწორობა განსაკუთრებით აისახება სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე, რომელთა დასწრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. იუნისეფი შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას ქალაქად და შეძლებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და სოფლად და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“იუნისეფი” მიიჩნევს, რომ ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს.
“კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს. კანონის განხორციელებისთვის საჭიროა ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდა, მუნიციპალური ხელისუფლებების შესაბამისად გაძლიერება და ადრეული განათლების სფეროს მასწავლებლების მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხარისხიანი სატრენინგო პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 22 დეკემბერს, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეძლებული ოჯახებისთვის საბავშვო ბაღები ფასიანი გახდეს. მისი თქმით, სისტემის ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგში საბავშვო ბაგა-ბაღებზე მზარდმა მოთხოვნამ და ხარჯების ზრდამ დააყენა.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ გზას, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მოვნახოთ რაღაცნაირი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, ეს უნდა იყოს, შესაძლოა, უფრო მაღალი ბარიერი – ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ”, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ დროისთვის, ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი უფასოა. ეს ცვლილება განხორციელდა 2013 წელს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საჯარო ბაღებში გადასახადი აკრძალა.