ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადადო.

პროცესი 2018 წლის 17 იანვარს, 17 საათზე განახლდება.

გადადების შუამდგომლობით სასამართლოს რატიანის ადვოკატმა მიმართა. ადვოკატმა წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, რატიანი ნაცემია და ტვინის შერყევა დაუდგინდა.

ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, ტვინის შერყევა დაუდგინდა, რის გამოც სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა განაცხადა.

პოლიცია რატიანს წვრილმან ხულოგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.რატიანის ინტერესებს EMC-ის იურისტი ანი ნასრაშვილი იცავს.

“ზვიად რატიანს სხეულზე, სახის არეში არაერთი ფიზიკური დაზიანება აღენიშნება, და აქვს ტვინის შერყევა, რომელიც დაუდგინდა გუშინ, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ,” – განაცხადა ნასრაშვილმა.

ზვიად რატიანი 24 დეკემბერს ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com