“მინდა მოგილოცოთ დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, გამართლება. საერთოდ ეჭვი არ მეპაროებიდა, რომ უდანაშაულო იყავით. მე ამის შესახებ გესაუბრეთ 9 თვის წინაც, როცა ამ შენობაში შევხვდით, უბრალოდ, სამწუხაროა, რომ 9 თვე თქვენნაირი პატრიოტი თავის დროს უნდა ხარჯავდეს ფუჭად, როცა საქართველოს არა ჰყავს არც ერთი დასაკარგი პატრიოტი”, – უთხრა პრეზიდენტმა კალანდაძეს.

 

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა გენერალ კალანდაძის მონაწილეობა 2008 წლის აგვისტოს ომში, რა დროსაც ის დაიჭრა:

 

“მახსოვს თქვენი გმირობები, მტრის რამდენიმე დღით შეკავება იმისათვის, რომ დიპლომატიას ჰქონოდა დრო საქართველოს გადასარჩენად”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

მისი თქმით, საზოგადოება თანდათან ხვდება, რომ ბევრი რამ, რასაც ეუბნებოდნენ წინასაარჩევნოდ, იყო სიცრუეზე დაფუძნებული.

 

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა მის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკას თენგიზ გუნავას შეწყალების გამო:

 

“დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პრეზიდენტია საფრთხის წყარო, რომელმაც გუნავა შეიწყალა, ეს ის პარლამენტის უმრავლესობაა, რომელმაც შეიწყალა პედოფილები, ჩახალიანი და მარეკ დუდაევი”.

 

მიხეილ სააკაშვილი და გიგი კალანდაძე
მიხეილ სააკაშვილი და გიგი კალანდაძე

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სამართლიანობის აღდგენა:

 

“თქვენ გედავებოდნენ, ჯარისკაცებს არბენინეს წელს ზემოთ გაშიშვლებულებს და ე.წ “აჯიმანიებს” აკეთებინებდნენო. საბჭოთა ჯარში მსახურების დროს, დღეში 10-ჯერ მაკეთებინებდნენ “აჯიმანიებს” და ზამთარში, ერთ წელიწადს ზაკარპატიეში და მეორე წელს, კიევში, წელს ზევით შიშველს 3-დან 20 კილომეტრამდე მარბენინებდნენ. ამისთვის ის რუსი გენერლები და ოფიცრები უნდა დაიჭირონ?..

 

გენერალი კალანდაძე იჯდეს ციხეში და ე.წ. გენერალი კიტოვანი გვარიგებდეს ტელევიზიებიდან ჭკუას, ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. დღეს რაც მოხდა, ეს არის სამართლიანობის აღდგენა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროა, რომ 31-ე ქარხანამ შეწყვიტა წარმოება და სამხედრო ტექნიკის (“ლაზიკის”, “დიდგორის”, უპილოტო საფრენი აპარატების) გამოშვება. მისივე თქმით, პრობლემებია ჯარისკაცების კვების კუთხითაც, პრეზიდენტის განცხადებით, ასობით ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა სენაკის სამხედრო ბაზაზე.

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა ის ოფიცერი, რომელიც დღეს სასამართლომ გაამართლა, უნდა ჩადგეს ისევ ქვეყნის სამსახურში:

 

“ის, ვინც ებრძოდა დამპყრობელს გუნავას სახით, თქვენი სახით, ყველაზე შური უნდა ვიძიოთ რევანიშიზმის გამო? საქართველოს ახლა ჭირდება ხედვა, წინსვლა, რა დროს რევანშიზმია? თქვენ ყველანი უნდა ჩადგეთ ხელახლა, როგორც ოფიცრები, სამშობლოს სამსახურში, მე მგონი, წყენა არ უნდა შეინარჩუნოთ, საფუძველი წყენის არსებობს, მაგრამ ფორმა იმისთვის აცვია ადამიანს, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს. კონცენტრაცია უნდა მოხდეს მომავალზე,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

თავის მხრივ, გიგი კალანდაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და მოსამართლე გიორგი დარახველიძეს, რომლის ვერდიქტითაც დადგა მისი გამამართლებელი განაჩენი.

 

გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთლეობისათვის საშიში ძალადობით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *