ახალი ამბები

მართვის მოწმობების შეცვლის ვადამ 2018 წლის 1 აპრილამდე გადაიწია

22 დეკემბერი, 2017 •
მართვის მოწმობების შეცვლის ვადამ 2018 წლის 1 აპრილამდე გადაიწია

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1 აპრილამდე გადაიწია – ამის შესახებ მეორე მოსმენის ეტაპზე მყოფ საკანომდებლო პაკეტში ცვლილება დეპუტატ დავით მათიკაშვილის ინიციატივით შევიდა.

ძველი რედაქცია რომ დარჩენილიყო ძალაში, გამოდიოდა, რომ  2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემული მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა რამდენიმე დღეში, 2018 წლის 1 იანვრიდან დაეკარგებოდა. მათიკაშვილის თქმით, მართვის მოწმობის გამოსაცვლელად ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა.

”თუკი დარჩება ამ რედაქციით ეს მუხლი, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის პირველ იანვარს ძალიან ბევრ, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ფაქტობრივად, არ ექნება საშუალება ისარგებლოს 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობით… გთავაზობთ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილში შევცვალოთ სიტყვა “2018 წლის 1 იანვრამდე” “2018 წლის 1 აპრილამდე”, ანუ დამატებით მიეცეს ვადა შესაბამის ორგანოებს, რომ შეცვალონ მართვის მოწმებები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩაეტიოს ყველა შესაბამის დროში და არ შეიქმნას პრობლემა სამომავლოდ,”- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მართვის მოწმობის შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში არის შესაძლებელი.

მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოთ:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • არსებული მართვის მოწმობა.

სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ასევე განმარტავს, რომ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი