ახალი ამბები

სანტა კლაუსი გამოძახებით – ფასები და პირობები

26 დეკემბერი, 2017 • 4450
სანტა კლაუსი გამოძახებით – ფასები და პირობები

საახალწლოდ მშობლების ნაწილი ბავშვებისთვის სანტა კლაუსის გამოძახების სერვისს იყენებს. ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა დაუჯდებათ წელს მშობლებს ამ სერვისით სარგებლობა. სანტა კლაუსის გამოძახებას წელს 50-დან 900 ლარამდე ფარგლებში შეძლებთ, გააჩნია, რა ტიპის დღესასწაულის მოწყობა გსურთ თქვენი პატარებისთვის.

როგორც ირკვევა, გამოძახებული სანტა კლასუსის პროგრამა ძირითადად სიმღერებისგან, ცეკვებისა და ლექსებისგან შედგება. გარდა ამისა, მომხმარებელს 30-წუთიანი შოუ-პროგრამისთვის შეუძლია დაამატოს სხვა რომელიმე პერსონაჟი, მაგალითად, ელფი, ფიფქია და სხვა, თუმცა ეს ომსახურების ფასს ზრდის.  

ერთ-ერთი გასართობი ცენტრი, რომელსაც სანტა კლაუსის გამოძახების სერვისი აქვს, S&T happy kids– ია. ფასდაკლების ვაუჩერით სარგებლობის გარეშე, მათ მიერ შემოთავაზებული 30-წუთიანი პროგრამა, რომელშიც მხოლოდ სანტა კლაუსი შედის, 120 ლარი ღირს, ვაუჩერით კი – 50.   იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სანტასთან ერთად ფიფქიას გამოძახებაც მოუნდება, 40 ლარის დამატება მოუწევს. ახალი წლის ღამეს ეს ტარიფი იცვლება და სანტასთან და ფიფქიასთან გატარებული 15 წუთი 70 ლარი ეღირება.  

მომხმარებელს სანტა კლაუსის გამოძახების საშუალებას კიდევ ერთი გასართობი ცენტრი NIF LAND სთავაზობს. ვაუჩერის გარეშე სანტა კლაუსის 30-წუთიანი სტუმრობა 90 ლარი ღირს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასურველ სანტას ფიფქიაც მოჰყვება, 1 საათისთვის გადასახდელი თანხა 120 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ცენტრი დამატებითი სერვისებით სარგებლობის საშუალებას იძლევა, მათ შორისაა საახალწლო ვარსკვლავის გახსნა შადრევნებით (40 ლარი),  ხელოვნური თოვლი (40 ლარი), კონფეტი (20 ლარი),  საჩუქრები ბავშვებს სანტასგან (სურვილისამებრ).

Happy Day-ს” შოუ პროგრამით გათვალისწინებული სანტას 1-საათიანი სტუმრობისთვის, ვაუჩერის გარეშე, მომხმარებელს 130 ლარი დასჭირდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ სანტას თან მოჰყვება მუსიკალური აპარატურა და ელფიც (ყოველი დამატებითი პერსონაჟისთვის გადასახდელი თანხა 30 ლარი იქნება). პროგრამა ითვალისწინებს ცეკვას ელფის და თოვლის ბაბუს შესრულებით, ორ საბავშვო სიმღერას, ისეთ თამაშებს, როგორიცაა თოკის გადაზიდვა, ფაზლების აწყობა და ლიმბო. გარდა ამისა, გადასახდელი თანხის გაზრდის შემთხვევაში, გასართობი ცენტრი დამატებით მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს, მათ შორის ფოტოგადაღებას (30 ლარი),  სახეზე მოხატვასა (30 ლარი) და ვიდეოგადაღებას (70 ლარი).

გარდა სანტა კლაუსის გამოძახების სერვისისა, გასართობი ცენტრი “ჰუპი” ბავშვებსა და მათ მშობლებს საახალწლო ზეიმის მოწყობას სთავაზობს. ზეიმი “მისია დაეხმარე სანტას და გადაარჩინე ახალი წელი”, წინასწარ შეძენილი ვაუჩერის გარეშე, 20 ბავშვზეა გათვალისწინებული და 920 ლარი ღირს, ხოლო ყოველ დამატებით ბავშვზე მშობელს 10 ლარის დამატება მოუწევს. 2-საათიან პროგრამაში შედის მენიუ და ისეთი აქტივობები, როგორიცაა ელფი ანიმატორი, მუსიკალური dj, სანტა კლაუსი, ერთი გმირი არჩევით (ფიფქია, ელზა, მიკი მაუსი ან მინი მაუსი ლაპლანდიიდან), ფოტ გადაღება, ვარსკვლავის გახსნა (ან მეგობრობის ხის გახსნა), ვიდეოგადაღება, გათამაშება მშობლებისთვის, ელფის კოსტუმი ყველა ბავშვს, მოსაწევები ყველა სტუმარს, სასრიალო ,ბურთების აუზი, კარაოკე ლაზერ შოუ, სასცენო ბოლი და შემეცნებითი თამაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი