ახალი ამბები

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა

22 დეკემბერი, 2017 • 2235
ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა და 21 მილიონი ლარი შეადგინა, რასაც ორგანიზაციები – „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და ფონდის – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დადებითად აფასებენ.

მათივე ცნობით, 2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ძირითადი ცვლილებებია:

  1. გაიზარდა სათემო სერვისების დაფინანსება. კერძოდ გაზრდილი თანხის 54%-ზე მეტი სათემო ამბულატორიულ მომსახურებაზე გადანაწილდა.

  2. სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების ბიუჯეტი შემოსაზღვრული არეალის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა.

  3. პროგრამის მოცულობაში ცალკეული სერვისის სტანდარტის პარამეტრები შევიდა, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა.

  4. ქვეყნის მასშტაბით 11 მობილური გუნდი დაფინანსდა (გასულ წელს ფინანსდებოდა მხოლოდ 3 მობილური გუნდი). გაიზარდა თითოეული მობილური გუნდის ბიუჯეტიც, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომსახურებას გაცილებით მეტი ბენეფიციარი მიიღებს.

  5. სტაციონარული მომსახურების დაფინანსებისას უპირატესობა თანამედროვე ტიპის საწოლების დაფინანსებას მიენიჭა. გრძელვადიანი საწოლების დაფინანსება 19 ლარიდან 23 ლარამდე გაიზარდა.

“მისასალმებელია, რომ 2018 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში მკაფიოდ გამოიკვეთა ის მიმართულებები და პარამეტრები, ომლებიც მათი თანმიმდევრული დანერგვის შემთხვევაში, ხარისხიანი, თანამედროვე და ჰუმანური ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს,”- აცხადებს ფსიქიატრთა ხუთი გაერთიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი