ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები აფხაზეთში

22 დეკემბერი, 2017 • 4408
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები აფხაზეთში

ავიძბების ოჯახი სოხუმის ახალ რაიონში ცხოვრობს. ეს სოხუმში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია. მოუწესრიგებელი ფასადებით ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში მცხოვრები მადინა ავიძბას ყოველდღიური ფიქრები იმაზეა მიმართული, რით გამოკვებოს სამი შვილი და უმუშევარი ქმარი.

“მერჩივნა, ჩემი ქმარი ისევ ციხეში ყოფილიყო, მისგან მაინც არანაირი სარგებელი არ არის, მხოლოდ ჭამა უნდა, ისევე როგორც ამ ბავშვებს”, – ამბობს მადინა, რომელიც ბავშვებს უყურებს, ერთ-ერთს თმას წიწკნის და თან ცრემლების დამალვას ცდილობს.

მადინა სკოლის დამთავრების შემდეგ, 15 წლის წინ, დაქორწინდა. პირველი შვილიც 16 წლის ასაკში გააჩინა. მალევე მეორე შვილზე დაორსულდა. ერთი წლის წინ კი მესამე შვილი გაუჩნდა.

მისი ქმარი ქორწინების 15 წლის განმავლობაში ორჯერ დააპატიმრეს. პირველად – მაღაზიის ქურდობისთვის, შემდეგ კი – ავტომობილის გატაცებისთვის.

მადინა ზოგჯერ ბაზარში ვაჭრობს, თუმცა მუდმივი სავაჭრო ადგილი არ აქვს.

“ბაზარში ყველა ადგილი უკვე დიდი ხნის წინ გაიყიდა. ერთი კაპიკიც არ მაქვს, რომ ადგილი ვიყიდო. რასაც ვაკეთებ, ჭამაზე გვინდა. ქმარს ზოგჯერ მოაქვს ხოლმე რაღაც, ან პროდუქტი, ან ფული, მაგრამ საიდან მოაქვს, არ ვიცი. როცა ვეკითხები, მაშინვე მუშტზე იყურება. ველოდები, რომ ისევ დააპატიმრებენ, დარწმუნებული ვარ, იპარავს”.

მადინა ამბობს, რომ მის ოჯახს ნათესავებიც ვერ ეხმარებიან.

“დედაჩემი ძლივს ირჩენს თავს რუსული პენსიით. დასთან ერთად სოფელში ცხოვრობს. არც ბოსტანი აქვთ, აღარ შეუძლიათ შრომა. ქმრის ნათესავებს არ ვიცნობ, მგონი, მასზე უარი თქვეს. მეც ვაგდებ სახლიდან, მაგრამ არ მიდის. თან სულ ცემით მემუქრება”.

მადინას შვილები უკვე მეორე წელია სკოლაში არ დადიან. მადინა ამბობს, რომ ტანსაცმელი არ აქვთ.

“ახალი ტანსაცმელი უნდათ, საიდან მოვუტანო? თავად იმუშაონ მაშინ. ასეც ვუთხარი და მერე აღარც წავიდნენ სკოლაში. ზოგჯერ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობენ, სეზონის დროს მანდარინს კრეფენ, პლიაჟზე ვაჭრობენ”.

მადინას ერთი წლის შვილს არც პამპერსი აქვს, არც თბილი ტანსაცმელი და არც საკვები. ამ ყველაფრით ოჯახს საქველმოქმედო ორგანიზაცია ეხმარება.

“ბავშვები სკოლაში უნდა დადიოდნენ, უნდა ჰქონდეთ საკვები, ეს ელემენტარულია. თუმცა სწორედ ასეთი ელემენტარულიდან იწყება ბავშვების სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბება. ეს აბსოლუტურად ასოციალური ოჯახია. მათ არ სურთ კონტაქტი რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტთან. ასეთი ოჯახები არც ისე ბევრია, თუმცა არსებობენ და მათ დახმარება სჭირდებათ. რასაც ვაკეთებთ კიდეც. თუმცა სოციალური ცენტრის მუშაობა დიდწილად გარემოს შესწავლაში გამოიხატება”,  – ამბობს სოციალური მუშაკი სოციალური მხარდაჭერის ცენტრიდან შარიზან შინკუბა.

ორგანიზაცია აფხაზეთში გაეროს ბავშვთა ფონდ იუნისეფის ფინანსური დახმარებით არსებობს, თუმცა მის საქმიანობას სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო აკონტროლებს.

“ჩვენს გეგმებშია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადასვლა, უნდა დავარწმუნოთ ხელუსუფლება, რომ ჩვენი მუშაობა აუცილებელია”, – გვეუბნება შარიზან შინკუბა.

როგორც ის ამბობს, ცენტრი მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლია ოჯახებს შორის, რომელთაც პრობლემების გადაჭრაში შესაბამისი ორგანოების დახმარება სჭირდებათ.

დღეს აფხაზეთში საზოგადოება იმის გააზრებას იწყებს, თუ რამდენად აქტუალურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხი.

“ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის ირიბი მსხვერპლი ხდებიან. იმის მიუხედავად, უშუალოდ ბავშვი ხდება თუ არა ცემის მსხვერპლი, ის მაინც ხედავს ოჯახში აგრესიას მშობლებს შორის და არანაკლებ ზიანს იღებს. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით, რამხელაა ამ მოვლენის მასშტაბები, ყველა მონაცემი კვლევის სტადიაშია. დაახლოებით ციფრებსაც ვერ გეტყვი. მაგრამ უკვე ჩანს, რომ ასეთი შემთხვევები არაა ცოტა, და ასეთი ფაქტები არსებობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქში”, – ამბობს შარიზან შინკუბა.

აფხაზეთის შემთხვევაში, როგორც შარიზან შინკუბა ამბობს, აუცილებელია დროებითი სატრანზიტო ცენტრი ან ოჯახური ტიპის სახლი, სადაც მეურვე მშობლებს სახელმწიფოს პატრონაჟით რამდენიმე ბავშვის აღზრდა შეუძლიათ.

“ბავშვის წაყვანა შეუძლიათ ნათესავებს,  თუმცა ბევრმა არც იცის, რომ ბავშვი ძალადობრივ გარემოში იზრდება. სოხუმში არსებობს ოჯახები, სადაც ბავშვები სკოლაში არ დადიან”.

ანჟელა ლადარია ფსიქოლოგია, მუშაობა ბავშვებთან უწევს სოხუმის მოზარდთა სახლში. აქ ბევრი სექციური წრე მუშაობს, სადაც სკოლის მოსწავლეები დამატებით შემოქმედებით გაკვეთილზე, სკოლამდელი ასაკის ბავშვები კი მოსამზადებელ გაკვეთილებზე მოჰყავთ.

ბევრ მათგანს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. ანჟელა ლადარია ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დადგენა არ არის რთული.

“ეს ბავშვები საკუთარ თავში ჩაკეტილი, ან პირიქით, ზედმეტად აგრესიული არიან. ასეთი ბავშვები სოხუმის მოზარდთა სახლში ბევრი არ ირიცხებიან, თუმცა მაინც არიან. სტატისტიკა არ არსებობს”, – ამბობს ანჟელა ლადარია.

“არ გვაქვს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი. შესაბამისად, ხელფეხშეკრული ვართ. არ ვფლობთ ინფორმაციას, არ გვაქვს ოჯახში ძალადობაზე რეაგირების ინსტრუმენტები. ყველაფერი რჩება ოჯახებს შიგნით. ამიტომაც ამბობენ ჩვენი დეპუტატები, რომ აფხაზეთში არ არის ოჯახში ძალადობა. მეც ასე მეგონა მანამდე, სანამ ძალადობის ნიადაგზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებს არ შევხვდი. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ”, – ამბობს ფსიქოლოგი.

პარლამენტში კანონზე საუბარს ერიდებიან. დეპუტატების განწყობა ასეთია – “სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა ჯერ კანონები მისაღები”.

დეპუტატები ამბობენ, რომ ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო უნდა გაუმჯობესდეს.

იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან სრული გულგრილობაა ამ საკითხის მიმართ, აფხაზეთის ქალთა ასოციაციაში ოჯახში ძალადობის კანონის შესახებ მუშაობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი