ახალი ამბები

გახარია: ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომ მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ

21 დეკემბერი, 2017 •
გახარია: ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომ მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ

გიორგი გახარიას თქმით, მას არ მოუსმენია ისეთი არგუმენტები, რომ მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე დაიწყოს საუბარი. თუმცა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ იქ, სადაც ადამიანის ღირსებასა და შეუსაბამო სასჯელს ეხება საკითხი, თანამშრომლობა შესაძლებელია.

“ბევრი სხვა ახალი მდგენელი გაჩნდა ამ პერიოდში. განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებები, რომელიც მარიხუანას ეხება.  მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც ადამიანის ღირსებას და შეუსაბამო სასჯელს ეხება საკითხი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სერიოზული შანსი, რომ მივაღწიოთ დიდ პროგრესს. რა თქმა უნდა, როცა შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა დიდი ხნით ხდება, აქ არის გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ მოვილაპარაკოთ, ისევე როგორც ნარკოტიკის მომხმარებლის შემოწმების ფორმებიც, უბრალოდ, არაადეკვატურია დღეის მდგომარეობით. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და დღეს თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში ეს ყველაფერი არის მარტივად გადაწყვეტადი.

რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკებს, მოგეხსენებათ, შსს-ს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ ნაწილში ჩვენ ჯერ ვერ დავინახეთ ისეთი არგუმენტები. მაგალითად, სად არის ზღვარი მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის. აქ  ვერ დავინახეთ ისეთი არგუმენტები, რომლებიც თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას, მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ” – თქვა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ლევან კობერიძის კითხვის პასუხად, რომელიც ნარკოპოლიტიკის რეფორმას ეხებოდა.

გიორგი გახარიას თქმით, თუ მოხდება ზღვრის განსაზღვრა ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, ამის შემდეგ შეიძლება საუბრის გაგრძელება. თუმცა ჰუმანურობის ნაწილში, გახარიას თქმით, დარწმუნებულია, რომ შეთანხმება მიიღწევა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,  გიორგი გახარიას თქმით, ამოცანა უნდა იყოს, რომ იმპლემენტაციის პერიოდში არ მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთების დავიწყება.

 

გიორგი გახარიას ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრიც დაეთანხმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აბსოლუტურად იზიარებს გახარიას რულისკვეთებას:

“მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახსენეთ, არის ზღვარი – სად იწყება წახალისება და სად გადის ზღვარი ჰუმანური მეთოდების გამოყენებას, ლიბერალურ მიდგომას და წახალისებას შორის. რა თქმა უნდა, ეს ზღვარი ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავავლოთ, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის სულისკვეთებით გავზარდოთ და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ლიბერალური მიდგომა არ გადავიდეს მოხმარების წახალისებაში. ” – თქვა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი