ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ტყის უკანონო ჩეხვას ომს ვუცხადებთ, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ვაწყენინოთ

21 დეკემბერი, 2017 • 1840
კვირიკაშვილი: ტყის უკანონო ჩეხვას ომს ვუცხადებთ, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ვაწყენინოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 21 დეკემბერს, მთავრობის განახლებული გუნდის პარლამენტში წარდგენისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეერთებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გარემოსდაცვითი ხაზი გაძლიერდება. ასევე, ომს გამოუცხადებენ ტყის უკანონო ჩეხვას.

“პირდაპირ მინდა ვთქვა, გარემოსდაცვითი ხაზი არათუ შენარჩუნდება, არამედ – გაძლიერდება დაფინანსებითაც, პრიორიტეტულობის დონითაც, და არა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროში, არამედ ყველა სფეროში, უპირველესად- სოფლის მეურნეობაში მწვანე ხაზის განვითარებით, ეკოწარმოების განვითარებით და ეკოტურიზმის განვითარებით,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებას, ასევე, ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტის ეკომინიკის სამინსიტროსთვის გადაცემას, ბევრი გარემოსდამცველი, ასევე, დეპუტატების ნაწილი ეწინააღმდეგება.

კვირიკაშილმა ასევე განაცხადა, რომ გამკაცრდება სახელმწიფოს მიდგომა ტყის უკანონო ჩეხვასთან დაკავშირებით:

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მოვლა-პატონობა  და სწორი მოდელის დანერგვა ტყის მოვლა-პატრონობისას. ჩვენ ომს ვუცხადებთ ტყის უკანონო, უმოწყალო ჩეხვას საქარველოში. სამწყხაროდ, დღეს გვაქვს ეს უდიდესი გამოწვევა, რომელიც, პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან, მაგრამ, დამერწმუნეთ, მასშტაბები, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი მოსახლეობის მინიმალური სოციალური დაკმაყოფილების მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ შევეხებით შეშით დაკმაყოფილების საკითხს, აქ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ მოსახლეობა იყოს იმ მინიმალური მომარაგებით დაკმაყოფილებული, რომელიც მათ სჭირდებათ, რომ სითბო ჰქონდეთ ოჯახებში. მაგრამ ომს გამოვუცხადებთ იმ უმოწყალო, უკანონო რეწვას, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს საქართველოში და რომელი კამპანიის წარმატებაც შეუძლებელია მთავრობის, სამართალდამცავების, პარლამენტის და მთელი საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ვაწყენინოთ, სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ,”- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციაში საქართველოს გერმანია ეხმარება 4-მილიონიანი პროექტით, რის შედეგადაც 1 წელიწადში საქართველოს ექნება სრული სურათი.

“მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვნ ერთ წელს არ მოვიცდით, დავიწყებთ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ხვალიდანვე ამ მიმართულებით,”- ამბობს კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი