ახალი ამბები

ჩაგვრის აღმოფხვრა, პროფ. განათლება, პედაგოგთა კვალიფიკაცია – ჩხენკელის პრიორიტეტები

20 დეკემბერი, 2017 • 2123
ჩაგვრის აღმოფხვრა, პროფ. განათლება, პედაგოგთა კვალიფიკაცია – ჩხენკელის პრიორიტეტები

განათლების, ჯანდაცვისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესაბამისი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. დავით სერგეენკოს, მიხეილ ჩხენკელისა და მიხეილ გიორგაძის კანდიდატურებს სხდომის მონაწილე დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

განათლების მინისტრობის კანდიდატმა საკუთარი ხედვების წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სკოლებში ნებისმიერი სახის ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებაზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე.

“ჩვენი მიზანია არამხოლოდ ძალადობის გამოვლენაზე რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, მისი პრევენცია. იმისათვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა. დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ამომწურავი რეკომენდაციები. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ”, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრობის კანდიდატის კიდევ ერთი პრიორიტეტი, დამტკიცების შემთხვევაში, პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება იქნება. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ატესტატის არმქონე მოზარდები, რომელთაც პროფესიული განათლების მიღება სურთ აღნიშნული დოკუმენტის ეკვივალენტურ სერტიფიკატს მიიღებენ. მისი თქმით, სიახლე სპეციალური პროგრამის ფარგლებში დაინერგება, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება.

“დღეს ოჯახების უმრავლესობას სურს, შვილმა ჩააბაროს უმაღლესში და არა პროფესიულ კოლეჯში. გვჯერა, რომ უნივერსიტეტების ბაზაზე პროფესიული სკოლების გახსნით და უმაღლესი პროფესიული განათლების დამკვიდრებით, გაიზრდება ამ პროგრამებში ჩართული სტუდენტების რიცხვი”.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებებს მოერგება და სახელმწიფო იმუშავებს იმისთვის, რომ აღნიშნული სფერო სამუშაო ბაზართან ინტეგრირდეს. დასაქმების კონტექსტში ჩხენკელი ახალ სახელმწიფო სერვისსაც შეეხო, რომელიც მოქალაქეებს სამუშაოს მოძებნაში დაეხმარება.

“სახელმწიფო უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს განათლებას, სამუშაოს მაძიებელსა და ვაკანსიებს შორის. დასაქმების ეს სამკუთხედი ერთი ფანჯრის პრინციპს დაეფუძნება. ჩამოყალიბდება სახელმწიფო სერვისები, რომლებიც დაეხმარება მოქალაქეებს შესაბამისი ვაკანსიის მოძებნაში. თითოეულ მოქალაქეს შევუქმნით კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი პროფესიის დაუფლების ყველა პირობას”, – აღნიშნა მან.

ჩხენკელის თქმით, სახელმწიფო აქტიურად იმუშავებს სკოლების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, მენტორ და წამყვან პედაგოგებს კი წახალისების მიზნით სახელფასო დანამატები მომავალი წლიდან გაეზრდებათ.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტრო ყურადღებას ქალაქისა და სოფლის სკოლებში სწავლის ხარისხის გათანაბრებასაც დაუთმობს და რეგიონებში მდებარე სკოლებს საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნის.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის სკოლების გარდაქმნას საგანმანათლებლო ცენტრებად, რომელიც გააერთიანებს საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ენის შესწავლას”.

მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატად დამტკიცებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. დამთავრებული აქვს თსუ-ს მათემატიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი დაიცვა მათემატიკაში. ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ყოფილი დეკანი და ვიცეპრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი