ახალი ამბები

გახარია: საზღვრის დაცვის მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება არ გვაქვს

20 დეკემბერი, 2017 • 1493
გახარია: საზღვრის დაცვის მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება არ გვაქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები აშკარას ხდის, რომ დაყოვნება არ შეიძლება. მინისტრის თქმით, ამ კუთხით სამინსიტროში სისტემური ცვლილებები უკვე დაიწყო. ყველაზე დიდ გამოწვევად კი პერსონალის კვალიფიკაცია რჩება:

”სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შს სამინისტროს სისტემაში. ის გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაფიქსირებთ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვიდგანან გვერდით. მათთან ერთად უკვე დავიწყეთ კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე, სისტემური ცვლილებების მიმართულებით. მათ შორის, როგორიც არის ანალიზზე დაცული საზღვრის დაცვა და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს პერსონალის კვალიფიკაცია” – თქვა გახარიამ პარლამენტში, კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

შს მინისტრის თქმით, უწყება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად  სისტემაში დასაქმებული კადრების გადამზადებას გეგმავს:

“ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გადამზადება საუკეთესო კადრების, რომელიც დღეს სისტემაში არსებობს. უნდა გამოვყოთ ის პოზიტიური კომპონენტი თანამშრომლობის საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიც სასაზღვრო დაცვაა. აქ გვაქვს კარგი შედეგები და ამ მიმართულებას გავაგრძელებთ”, – თქვა გიორგი გახარიამ.

21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში, სავარაუდოდ, მწვანე საზღვრიდან გადმოვიდნენ. საქართველოდან აზერბაიჯანში მწვანე საზღვრის გადაკვეთას ედავებიან თბილისში გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისაც.

აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, რის შემდეგაც აღარ უნახავთ. მეორე დღეს მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული აღმოჩნდა. მუხთარლი აცხადებს, რომ საზღვარი იძულებით გადააკვეთინეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი