როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, როდესაც მგელი თავს ესხმის მოსახლეობას, მათ შინაურ ცხოველებს, ან ანადგურებს ადამიანთა ქონებას, მოსახლეობას უფლება აქვს მოკლას ეს ცხოველი და ამისათვის სამინისტროს ნებართვა საჭირო არ არის.
“გარეული ცხოველების, მათ შორის მგლის, მოსახლეობაზე თავდასხმების ფაქტების არსებობისას, ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებები ხორციელდება “გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ” დებულების (გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება #247 04.03.2008წ.) შესაბამისად.
აღნიშნული დებულების თანახმად: იმ შემთხვევაში, როდესაც გარეული ცხოველი, მათ შორის მგელი, თავს ესხმის მოსახლეობას, მათ შინაურ ცხოველებს, ან ანადგურებს ადამიანთა ქონებას, მოსახლეობას უფლება აქვს მოკლას ეს ცხოველი. ამ შემთვევაში სამინისტროს ნებართვა არ არის საჭირო და გარეული ცხოველის მოკვლისათვის არც საჯარიმო სანქციებია დაწესებული. თუმცა ცხოველის მოკვლის ფაქტის შესახებ უნდა ეცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. თუ მოსახლეობა ვერ მოახერხებს გარეული ცხოველის მოკვლას თავდასხმის მომენტში, მან გარეული ცხოველების მიერ შექმნილი საფრთხეების თაობაზე უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელიც, თვის მხრივ, მიმართავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება გარეული ცხოველის მოკვლის (გარემოდან ამოღების) შესახებ. დასკვნაში მითითებული იქნება აგრეთვე გარეული ცხოველის სახეობა, ოდენობა და მოპოვების ხერხები. ცხოველთა მოპოვება ხორციელდება სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მინისტრის ბრძანების საფუძველზე. გარეული ცხოველის გარემოდან ამოღებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
27 ივლისს მგელი ცხვრის ფარას თელავის რაიონში დაესხა თავს. კახეთში ამბობენ, რომ ეს მგლის მიერ ცხვრის ფარაზე თავდასხდმის პირველი შემთხვევა არ იყო და მათ არ სურთ მგლის მოკვლა იმის გამო, რომ გარეული ცხოველის მოკვლისათვის ფულადი სანქციები არსებობს.

