ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო წერილს აქვეყნებს. საბჭოს წევრების განცხადებით, კულტურის სამინისტრო პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. საბჭოს წევრების აზრით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვით ადრე, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით უნდა წარდგეს, მსგავსი გადაწყვეტილებები პროექტის წარმატებით განხორციელებას უქმნის საფრთხეს.
“როდესაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვეც არ არის დარჩენილი, ჩვენთვის – კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის – ცნობილი გახდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების და ახალი კომპეტენციების განაწილების თაობაზე” – ვკითხულობთ წერილში.
წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების განცხადებით, თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადებით მინისტრს ცენტრის დირექტორმა, მედეა მეტრეველმა მიმართა. საბჭოს წევრების აზრით, დაგეგმილი ცვლილებები და ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას.
“წიგნის ცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, დღემდე, ცენტრის ძირითად საქმიანობასთან ერთად, წარმატებულად უხელმძღვანელეს ამ პროექტს. მათ მუშაობას აქვს მაღალი შეფასება და ნდობა უცხოელი პარტნიორების და ქართული სალიტერატურო და საგამომცემლო სფეროს მხრიდან. შესაბამისად, დარჩენილ მოკლე პერიოდში, ნებისმიერი რყევები და მენეჯმენტის ცვლილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წიგნის ცენტრის გუნდის დაშლა, მიგვაჩნია, დააზარალებს პროექტის შესაბამისი სტანდარტების და შეზღუდული ვადების დაცვით წარმართვას.
პროექტის მაღალსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ხელი უნდა შევუწყოთ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, გააგრძელონ მუშაობა პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის” – ვკითხულობთ განცხადებაში.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ დეა მეტრეველი ამ დრომდე რჩება წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად, რადგან მიხეილ გიორგაძეს მისი გათავისუფლებისთვის ხელი არ მოუწერია. როგორც სამინისტროში ამბობენ, ცენტრის წარმომადგენლებს მინისტრი დღეს შეხვდა, თუმცა საუბარი სტრუქტურულ ცვლილებებზე არ ყოფილა:
“მინისტრი დღეს შეხვდა წიგნის ცენტრის თანამშრომლებს. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო დეა მეტრეველის განცხადება. დეა მეტრეველმა განცხადებით მიმართა მინისტრს, სადაც გარკვეულ პირობებზე არის საუბარი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ის დარჩება თანამდებობაზე. ერთ-ერთი პირობა, მაგალითად, იყო ის, რომ ცენტრს დარჩეს ლიტერატურის საკითხი, ხოლო დანარჩენზე მან მოიხსნას პასუხისმგებლობა” – უთხრეს “ნეტგაზეთს” სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნის მიზანი იყო, მას ემუშავა ყველა საკითხზე, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უკავშირდება და მეტრეველის პოზიციას სამინისტრო არ იზიარებს, თუმცა მინისტრს მის განცხადებაზე ხელი არ მოუწერია:
“თავის დროზე სსიპი შეიქმნა იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, მათ შორის, ლიტერატურულის გარდა, არის იქ სხვადასხვა კომპონენტები, ყველა საკითხი, რომელიც უკავშირებდა 2018 წელს საქართველოს წარდგენას ფრანკფურტზე, მოეგვარებინა მას. შესაბამისად, ამ ლოგიკას არ იზიარებს სამინისტრო, თუმცა დეა მეტრეველი ამ დრომდე რჩება წიგნის ცენტრის ხელმძღვანელად, რადგან მინისტრს ხელი არ მოუწერია განცხადებაზე” – ამბობენ სამინისტროში.