” ჩვენ გვჯერა, რომ სანაპირო დაცვის სამსახურის განვითარებით და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებით, მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ სტრატეგიული სატრანსპორტო, ენერგეტიკული პროექტების საკითხში, რაშიც საქართველო აქტიურადაა ჩართული, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველივე ამის ხორცშესხმა მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის. საზეიმო და სადღესასწაულო დღეებში, როგორც წესი, პრობლემებზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუარო ჩვენი ქვეყნის საერთო სატკივარს– ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ თქვენთან ერთად განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით საქართველოს ტერიტორიული ზღვის, აფხაზეთის მონაკვეთს, რომელზეც ჯერ–ჯერობით აქტიურ კონტროლს ვერ ვახორციელებთ.ეს დიდი პრობლემაა, რომელსაც მშვიდობიანი მიდგომა ჭირდება. აქვე მინდა პატივი მივაგო იმ ოფიცერთა, ჯარისკაცთა თუ სამოქალაქო პირთა ხსოვნას, რომლებიც საქართველოს საზღვრის დაცვისას, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ”– განაცხადა ღარიბაშვილმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ღონისძიებას ამერიკის და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“სანაპირო დაცვის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე,ზღვაში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებებით მოეწყო აღლუმი, გაიმართა საპატიო სტუმრების ზღვაში გაყვანა და გვირგვინის ჩაშვების ცერემონია. სანაპირო დაცვის მოსამსახურეები მადლობის სიგელებით, საიუბილეო და სამკერდე მედლებით დაჯილდოვდნენ. დღესვე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ოჯახის წევრებს საჩუქრები გადასცეს. მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომში დაღუპული მესაზღვრეების ოჯახის წევრებს შეხვდა”.– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა 15 წლის წინ შეიქმნა.

