ახალი ამბები

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე GPB-ის მენეჯმენტი პრეზიდენტს შეხვდა

18 დეკემბერი, 2017 •
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე GPB-ის მენეჯმენტი პრეზიდენტს შეხვდა

მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი მაუწყებლის მენეჯმენტს შეხვდა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა.

მაღლაფერიძის თქმით, შეხვედრაზე არ უსაუბრიათ ვეტოზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თქმით, კანონპროექტის განმარტება რიგ შემთხვევებში არასწორად ხდება და დღეს მენეჯმენტმა პრეზიდენტს დეტალურად გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმები:

“ვეტოზე ჩვენ საერთოდ არ გვქონია საუბარი, ჩვენ დეტალურად ავუხსენით იმ გეგმების შესახებ, რომელიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, და იმ კანონპროექტის არსი, რომელიც პარლამენტში გნაიხილება და რომელსაც ბევრი ჩვენი ოპონენტი ზოგი განზრახ და ზოგი უნებლიეთ არასწორად განმარტავს ხოლმე. ჩვენ ჩავიარეთ ბოლომდე ყველა მუხლი. მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან საქმიან ვითარებაში ჩაიარა და ძალიან საინტერესო იყო” – ამბობს ვასილ მაღლაფერიძე. 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ამბობს, კომერციული რეკლამისთვის დროის გაზრდა კერძო ტელეკომპანიებს არ დააზარალებს. მაღლაფერიძის თქმით, ქვეყანაში მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე ვერ მიიღწევა:

“მედიაპლურალიზმი არის თითოეული მოქალაქის მონაპოვარი საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, ეს არის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ამ სიკეთეს უბრალოდ ვქმნით და ინსტრუმენტები ვართ. მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის ინსტიტუტი, რომელიც არის აუცილებელი” – ამბობს მაღლაფერიძე. 

რაც შეეხება შესყიდვების ნაწილს, მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებელი მხოლოდ შემოქმედებითი პროდუქციის ტენდერებისგან გათავისუფლებას ითხოვდა და ეს თემა სპეკულირების საგანი გახდა:

” ჩვენ ვითხოვდით არა შესყიდვებისგან გათავისუფლებას, არამედ შემოქმედებითი პროდუქციის გათვისუფლებას ტენდერებისგან. ანუ, გადაცემა და ფილმი ტენდერით არ შეგვეძინა, როგორც ცემენტი და კონდიციონერი. ამით ხდებოდა სპეკულირება. ჩვენი მოთხოვნა რომ არ იყოს ეს, ევროკავშირის მოთხოვნებშია, რომ 2019 წლიდან საქართველოში არა მხოლოდ ჩვენ, მთლიანად თავისუფლდება ამ ტიპის პროდუქცია ტენდერებისგან. რატომ, იმიტომ, რომ უაზრობაა რომ გადაცემა და სერიალი ტენდერით იყიდოს და მხოლოდ ფასით იყოს განსაზღვრული” – ამბობს მაღლაფერიძე.

შეხვედრა შეაფასა პრეზიდენტის მრჩეველმა. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მხარეების პოზიციები მოისმინეს. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერცული რეკლამისთვის განკუთვნილი დროის გაზრდას, რომელზეც კანონპროექტშია საუბარი,  ჩიხრაძის თქმით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს:

“რაც შეეხება რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებს, რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. მან არ უნდა დააზარალოს არც საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯი და არც ის ეფექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობამ უნდა მოუტანოს ქართულ საზოგადოებას” – ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი.

ჩიხრაძის თქმით, მისი აზრით, ეფექტური თანამშრომლობის პირობებში ბევრი საკითხის გადაწყვეტა იყო შესაძლებელი, თუმცა პრეზიდენტის მრჩეველი იმედს იტოვებს, რომ ამის რესურსი კიდევ არსებობს:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რომ მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და ამავდროულად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეული რესურსების წვდომაზე საზოგადოებრივ მაუყებელსა და სხვა ტელევიზიებს შორის” – ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრამდე, პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, უარყოფითად აფასებენ იმ ცვლილებებს, რომლებიც შევა კანონში. კანონპროექტს ორი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტმა.

რა იცვლება მაუწყებლობის შესახებ კანონში, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი