როგორც სამინისტრო აცხადებს, დაკავებულებმა ზურგის არეში დანით დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.
“ინციდენტი მას შემდეგ, მოხდა რაც სამართალდამცველებმა შეამჩნიეს სამი პიროვნება, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მათ აღნიშნულ პირებს წარუდგინეს თავი, უთხრეს, რომ არიან შსს–ს თანამშრომლები და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. დამრღვევი პირები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველების მისამართით დაიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტის დროს მათ დანით დაჭრეს შსს–ს თანამშრომელი. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილზე დააკავეს”.– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება კი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
