როგორც ზუმბაძემ დღეს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რესპუბლიკური პარტია კოალიციაში ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი ძალაა. ამასთან, მისვე თქმით, კავშირი მის მიერ ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურის შესახებ გაკეთებულ განცხადებასა და იმას შორის, რომ დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება, არ არსებობს.

 

“არ არსებობს კავშირი ჩემს განცხადებას [ირაკლი შიხიაშვილზე] და დავით ზურაბიშვილის გადაყენებასთან, უფრო სწორად, არდანიშვნასთან, იმიტომ, რომ იქ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ახალი მინისტრი დაინიშნა და მან ჩათვალა საჭიროდ, რომ თავისი გუნდი თვითონვე შეერჩია და მან შეარჩია ის ადამიანები, ვისაც უფრო ენდობა. თანამდებობიდან მარტო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგნლები არ გადამდგარან, თანამდებობიდან სხვების გადაადგილებაც ხდება. ნამდვილად არ შეინიშნება ასეთი რამ. მე კოალიციაში ასეთ პრობლემას ვერ ვხედავ. სულ ახლახან, გუშინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი დამოკიდებულება რესპუბლიკური პარტიის მიმართ ცალსახად დააფიქსირა. რესპუბლიკური პარტია კოალიციაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი ძალაა. ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი პარტია არ აპირებს კოალიციის დატოვებას”, – განაცხადა მან.

 

ზუმბაძემ შიხიაშვილის შესახებ გუშინ განაცხადა, რომ იგი შსს–ში შერჩეული და საკრებულოსთვის თავსმოხვეული კანდიდატია. დღეს ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე არ აპირებს მოადგილის თანადმებობაზე დანიშნოს რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელიც ამ პოსტს იკავებდა გიორგი მარგველაშვილის დროს. 

 

“ეს არის დარტყმა არა მხლოდ ჩემს, არამედ “რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ,” – აცხადებს ზურაბიშვილი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *