კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებს, რომ მისი ვიზიტების სიმცირე სუსტ საგარეო პოლიტიკას უკავშირდება, ივანიშვილმა განაცხადა:
“პრეზიდენტი, მე მგონი, აღარ აკონტროლებს, რას ამბობს, თუმცა ის ოპოზიციაშია და ამაშიც არაფერი არ არის გასაკვირი. კარგი იქნებოდა, უფრო კონსტრუქციული იყოს და ეს ჩვენს გუნდსაც წაადგებოდა და ქვეყანასაც”, – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, სააკაშვილის ვიზიტების სიმრავლე მის ხასიათს უკავშირდებოდა და არა ქვეყნის საჭიროებებს:
“რაც შეეხება ვიზიტებს, მე ვფიქრობ, ყველაფერი დაბალანსებულად მიმდინარეობს, მათ რიცხვში ჩემ ვიზიტებთან დაკავშირებითაც. ძირითადი პრობლემები ჩვენ გვაქვს შიგნით, ქვეყანაში. მთავარი განმსაზღვრელი, ჩვენი პოლიტიკის შემფასებელი იქნება ჩვენი საზოგადოება და არა ისე, როგორც წინა ხელისუფლება ცდილობდა, როცა საკუთარ საზოგადოებაზე იგნორს აკეთებდა და შეფასებები მოჰქონდათ ევროპიდან და ამერიკიდან, ეს ასე აღარ იქნება და არც უნდა იყოს”, – განაცხადა ივანიშვილმა “აჭარის ტელევიზიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
