ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: პატიმრების ჯანმრთელობის საკითხებით ვაჭრობას არ დავუშვებთ

26 ივლისი, 2013 • 1030
არჩილ თალაკვაძე: პატიმრების ჯანმრთელობის საკითხებით ვაჭრობას არ დავუშვებთ

“დღეს, რუსთავი 2–ის ეთერში, ადვოკატმა თინათინ ნაკაშიძემ გააკეთა განცხადება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში შიმშილობენ მსჯავრდებულები და თითქოს მზადდება ბუნტი, რომლის მიზეზიც საპატიმროებში არსებული მძიმე ვითარებაა და განსაკუთრებით სამედიცინო კუთხით არსებული პრობლემები.

 

არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე
არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე

სამედიცინო სამსახურმა დაუყოვნებლივ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და მოშიმშილეთაგან მხოლოდ ხუთ ადამიანს აღენიშნება ჯანმრთელობის არსებითი პრობლემები. ხუთივე პაციენტზე დახარჯულია სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის დიდი დრო და 23 000 ლარზე მეტი.

 

მივმართავ ყველა ადვოკატს, რომ სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის გახსნილი და ნებისმიერს შეუძლია მოგვმართოს, რომ სპეციალისტებთან ერთად განვიხილოთ თითოეული, ცალკეული შემთხვევა, რომელზეც შეკითხვები არსებობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯანმრთელობის საკითხებით ვაჭრობას არ დავუშვებთ და ცალკეული პირების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებებით სასჯელაღსრულების ჯანდაცვის რეფორმა ვერ დაჩქარდება”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

მისი თქმით, სამინისტრო ყველა პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს:

 

“ერთ–ერთი პაციენტი არის უროლოგიური პროფილის, ჩატარებული აქვს ძვირადღირებული ოპერაცია, რასაც წინ უძღვოდა ძვირადღირებული გამოკვლევები. მეორეს- ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა ძვირადღირებული ოპერაცია ხერხემალზე და ახლა ის ითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას, რადგან მიაჩნია, რომ მისთვის ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიული და მაგნიტო–რეზონანსული კვლევები გაყალბებულია. ეს არის კველევბი, რომელიც მას სამოქალაქო საავადმყოფოში ჩაუტარდა. მესამე პაციენტი უჩივის მხრის არეში მოძრაობის შეზღუდვას, ჩატარებული აქვს ნევროპათოლოგის კონსულტაცია, რადიოლოგიური კვლევა და მკურნალობა, ხილული პათოლოგია ამჟამად არ ვლინდება. მეოთხე პაციენტი ითხოვს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას გათავისუფლების მიზნით, მაშინ, როდესაც მხარეს თავად შეუძლია ამ ექსპერტიზის ჩატარება. ამ პაციენტზეც ძალიან დიდი რესურსია დახარჯული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან ისაუბრა იმ რეფორმაზეც, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში პატიმართა ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხის მიმდინარეობს:

 

“ეს რეფორმა არის 18- თვიანი და ჩვენ კიდევ გვაქვს 10 თვე, რომ ის ბოლომდე მივიყვანოთ.  არის ძალიან ბევრი დადებითი ცვლილება, სისტემაში აღიკვეთა ძალადობა, შეიცვალა კვების სტანდარტი, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, განახლების პროცესშია სხვადასხვა დაწესებულება, იცვლება პერსონალი, იწყება C ჰეპატიტის პროგრამა, მაღალი ტემპებით მუშაობს ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი და ეს ყველაფერი მოხდა 8 თვეში”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატის თინა ნაკაშიძის განცხადებით, ციხეებში პატიმრების გარკვეული რაოდენობა შიმშილობს, ხოლო ახლო მომავალში სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების მასშტაბური ბუნტის მოწყობა იგეგმება. როგორც ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისი წყაროს ინფორმაციით, ეს ბუნტი გარედან იქნება ინსპირირებული და ვიღაცები შეეცდებიან, რომ მის ორგანიზატორად ტარიელ ფოცხვერია დაასახელონ

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი