ახალი ამბები

ივანიშვილი: პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა

26 ივლისი, 2013 • • 1119
ივანიშვილი: პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა

“ეს არის დეპუტატ გედევან ფოფხაძის ინიციატივა. ამის გაკეთება ნორმალურია, მაგრამ სამწუხაროა, რომ პარლამენტი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა. იძულებული ვარ, ეს სიტყვები გამოვიყენო. მთავრობის მხრიდან ეს არ იყო განხილული, არ გაითვალისწინეს მთავრობის პოზიცია და მიიღეს პირველი მოსმენით გადაწყვეტილება. ამით არაფერი არ დაშავებულა. მე მოვახერხებ, უმრავლესობას რომ ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ბიზნესთან დაკავშირებით ბიზნესს უკარნახო.”

   

ბიძინა ივანიშვილის განცახდებით, იპოთეკარების საკითხში ბანკები არიან ჩართულნი: “ბანკებს აქვთ იპოთეკური სესხები გაცემული. შეიძლება დაზარალდნენ და ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლიტურად გაუაზრებელი და აბსურდულია. შესაბამისად, მე მომიწევს საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და მგონია, რომ დავარწმუნებ უმრავლესობას, არ გააგრძელონ ამ კანონპროექტზე მუშაობა.”   

 

ივანიშვილი განმარტავს,  რომ თუ  შეთანხმება მოხდა, ეს გასაგები იქნება იმ ბიზნესსტრუქტურებისათვის, რომლებიც მონაწილეობდენენ ამ პროცესებში და თანხები გასცეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტმა ამას მხარი დაუჭიროს:”ესე მოწყვეტილად განხილვა, არც მთავრობას შეუთანხმო, არც ბიზნესს შეუთანხმო, ვინც დამოკიდებულია და მონაწილეობდა ამ პროცესებში, ეს გახლავთ “სიყმაწვილე” პოლიტიკაში.   კანონი ასე არ მიიღება.”    

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მსგავსად, ეკონომიკის სამინისტრო “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება. 

 

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

“ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ შენიშვნები გააგზავნა, თუმცა, სამწუხაროდ, საკითხი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე ისე გავიდა, რომ არ იყო შეჯერებული უმრავლესობასა და მთავრობას შორის. დიდი იმედი მაქვს, რა ვარიანტითაც არის ეს საკითხი წარმოდგენილი, არ გავა, რადგან საბანკო სისტემას საკმაოდ დიდ ზიანს მოუტანს” – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 49 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტზე  23 ივლისს იმსჯელეს, რომელიც 2014 წლის თებერვლამდე  აღსრულების გადავადებას ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავის ქონების საქმეებზე. 

 

კომიტეტის სხდომას მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ კანონპროექტს აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი