როგორც “ნეტგაზეთს” ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ განუცხადა, 22 ივლისს დაფიქსირდა საგანგაშო ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახალი პროფკავშირის დასავლეთ რეგიონის თავჯდომარის მოადგილე დავით ვაშაკიძეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მთელი ღამის განმავლობაში შანტაჟის მიზნით ვიდეოკამერით ფარულად უღებდნენ რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექციის რევიზორები.
“ის არის სადგურის მორიგე, მან დაარღვია რადმენიმე წესი, კერძოდ, როგორც ისინი ამბობენ, არ გააცილა მატარებელი, მაგრამ ეს ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს, ანუ ხელფასიდან თანხის დაქვითვას. ეს ადამიანი თანახმაა, რომ რაც დააშავა, პასუხი აგოს, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ შევეგუებით, რომ მას ფარულად უთვალთვალონ და შანტაჟისთვის გადაიღონ”, – განაცხადა მან.
ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა კი აცხადებს, რომ რკინიგზაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ისეთი, ვის წინააღმდეგაც შანტაჟს აწარმოებენ. მისი თქმით, 7 კონტროლიორი, რომლებიც პროფკავშირების წევრები არიან, სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვეს
“ჩვენთან არის 7 ახალგაზრდა კონტროლიორი, რომელიც გათავისუფლებულია სამსახურიდან სწორედ იმ მიზეზით, რომ სარევიზიო კომისიამ, იგივე ინსპექციამ, შეამოწმა ისინი და დაუწერა აქტები. საერთოდ, მხოლოდ იმ ვაგონის შემოწმების უფლება აქვს რევიზორს, რომელშიც კონტროლიორმა უკვე გაიარა, მათ კი ის ვაგონები შეამოწმეს, სადაც კონტროლიორებს ჯერ არ ჰქონდათ გავლილი და ამის შედეგად გაათავისუფლეს 7 კონტრილიორი, რომლებიც რკინიგზაში 6 წელია მუშაობენ. ისინი პროფკავშირების წევრები არიან”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ფარული გადაღებები, რომელმაც უკვე მასორიბრივი სახე შეიძინა, ასევე შანტაჟია ახალი პროფკავშირების წინააღმდეგ და უნდა შეწყდეს:
“უკვე ვიდეოკამერებით დადიან და ბუჩქებში ჩამალულები ახორციელებენ რევიზიას. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მათ აქვთ თავიანთი შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ. ნუ არღვევენ ამ შინაგანაწესს და ზოგადად კანონს, იმიტომ, რომ ფარული გადაღებები არ შეიძლება ჩვენი კანონმდებლობით”.
ლეჟავა აცხადებს, რომ, მისი აზრით, ამ ადამიანების დევნის მიზეზი მათი ახალ პროფკავშირებში გაწევრიანებაა. ახლად დაფუძნებული პროფკავშირები ფიქრობენ, რომ რკინიგზაში გარკვეულ ძალებს არ მოსწონთ მათი მოქმედება:
“ჯერ კიდევ არიან შემორჩენილები ის ადამიანები, რომლებიც თავისი ქმედებებით ცდილობენ, რომ რკინიგზაში სოციალური პროტესტი გამოიწვიონ. არ სურთ მათ დამოუკიდებელი პროფკავშირები, რომლებიც ღიად გააპროტესტებს ადამიანის უფლებების შელახვას. აქ არიან ადამიანები, რომლებიც რკინიგზის მოწყობას თავის ჭკუაზე ცდილობენ”, – ამბობს ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე.
ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი უშუალოდ რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, კოკა გუნცაძის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დახმარებისთვის ისინი სწორედ ბახტაძეს და გუნცაძეს მიმართავენ:
“კოკა გუნცაძე და ბახტაძე ახალი მენეჯმენტია. აქ კი ისეთი სიტუაცია, რომ ქვედა რგოლები არ შეცვლილა და მხოლოდ ზედა რგოლია შეცვლილი. ქვევით ჯერ კიდევ ის პიროვნებები არიან, ვინც ნაცმოძრაობის დროს ახდენდნენ შანტაჟს და პროფკავშირების დევნას. ისევ ის ხალხია. ძირითადად არაფერი შეცვლილა რკინიგზის დაბალ ეშელონებში. ჩვენი ახალი პროფკავშირი, განსხვავებით ძველი პროფკავშირისგან, ღიად საუბრობს იმ დარღვევებზე, რაც მათ დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოებში არსებობს, იქნება ეს ანტისანიტარია, შრომის უფლებების დარღვევა, შანტაჟი თუ სხვა. ამაზე ხმამაღლა საუბარი მათ არ სიამოვნებთ და, სავარაუდოდ, როცა ეს ხმა ახალი გენერალური დირექტორის ყურამდე მივა, რეაგირებაც მოხდება. ანუ გადმონაშთები აწარმოებენ ასეთ ქმედებებს”, – განაცხადა მან.
რკინიგზაში ახალი პროფკავშირების განცხადებებს ჯერჯერობით არ პასუხობენ. როგორც “ნეტგაზეთს” რკინიგზის წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ისინი ამ საკითხს შეისწავლიან და თუ რეაგირებას საჭიროდ ჩათვლიან, კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ. ახალი პროფკავშირები რკინიგზაში ივლისის თვეში დაფუძნდა და მისი ლიდერების განცხადებით, 4000–ზე მეტ წევრს აერთიანებს. რკინიგზაში არსებობს კიდევ ერთი პროფკავშირი – “რკინიგზელთა პროფესიული კავშირი”.

