ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას უმრავლესობის 25 დეპუტატიდან 24 უჭერს მხარს. თავმჯდომარის პოსტზე შიხიაშვილის ხილვა მხოლოდ რესპუბლიკელ გულიკო ზუმბაძეს არ სურს, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარეა. თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გიორგი მუსხელიშვილის კანდიდატურას უყრიან კენჭს.

გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურის შერჩევა დიდი ხნის წინ მოხდა “ჩუმად, ფარულად, არაგამჭვირვალედ, არაკოალიციურად და არა კონსულტაციების შედეგად”. იგი შიხიაშვილს შსს–ში შერჩეულ და საკრებულოსთვის თავსმოხვეულ კანდიდატად მიიჩნევს. ზუმბაძის თქმით, გარდა ამ საკითხისა, მას ინტერპარტიულ უმრავლესობასთან სხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არ აქვს და დღის წესრიგის სხვა საკითხებს, რაც ეხება მუდმივმოქმედი კომისიების ახალი თავმჯდომარეების არჩევას, სხვა დეპუტატებთან ერთად უყრის კენჭს.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, 19:00 საათზე დაიწყება. გარდა თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევისა, დღის წესრიგით გათვალისწინებულია საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევის და საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მარინა დათუკიშვილის გადაყენების საკითხი.
როგორც დათუკიშვილმა დღეს, 27 ივლისს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი შვებულებაში იმყოფებოდა და ამის გამო ინტერპარტიული უმრავლესობა თანამდებობიდან მის გადაყენებას ვერ მოახერხებდა, თუმცა, როდესაც მან ასეთი განზრახვის შესახებ შეიტყო, დღეს შვებულებიდან დაბრუნდა და უმრავლესობას საშუალებას აძლევს, რომ იგი თანადმებობიდან მოხსნან.
“მე ვაძლევ მათ საშუალებას, აიხდინონ “ქართული ოცნება”, – განაცხადა მან.

