ახალი ამბები

კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მუხლში ცვლილებები შედის

15 დეკემბერი, 2017 • 2660
კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მუხლში ცვლილებები შედის

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული პირვანდელი საკონსტიტუციო ცვლილების ფორმულირება არ გაითვალისწინა, თუმცა იმ მუხლებში, რომლებიც საჯარო ინფორმაციას ეხება, ცვლილებები მაინც შედის.

[red_box]ინფორმაციის შეზღუდვის საფუძვლები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან[/red_box]

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს კონსტიტუციაში  მე-18 მუხლი არეგულირებს. კობახიძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ გუშინ საღამოს ამ საკითხზე დამატებითი განხილვები გაიმართა, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ შემოგვეღო [საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის] ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი [ანუ ინფორმაციის შეზღუდვის პირობები] ფართოვდება, რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადად, ისევე როგორც კოლეგების დიდი ნაწილისთვის, მიუღებელია”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ითხოვს ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკონსტიტუციო სტანდარტს გააუარესებს.

საქმე ეხება კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას, ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას.

კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ზემოხსენებული 4 პირობა, რა შემთხვევაშიც ადმინისტრაციულ ორგანოს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია, ცალსახად რჩება კონსტიტუციაში მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, თუმცა კონკრეტდება, თუ რა ტიპის სახელმწიფო საიდუმლოების შემთხვევაშია შესაძლებელი ინფორმაციის გასაჯაროების დაბლოკვა. ასევე კონკრეტდება ის, თუ როგორ არის მიჩნეული ესა თუ ის ინფორმაცია საიდუმლოდ.

მე-18 მუხლის მე-2 პუქნტი, კობახიძის განმარტებით, ასეთი ფორმულირებით იქნება წარმოდგენილი ახალ კონსტიტუციაში:

“ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ოფიციალურ ინფორმაციას ან დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას, ან დემოკრატიულ საზოგდაოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწამროების ინტერესების დასაცავად, კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად”.

კობახიძე ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური სტანდარტი არათუ უარესდება, არამედ პირიქით, უფრო ძლიერდება, რადგან მოქმედ რედაქციაში შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი, სახელმწიფო საიდუმლოება ზოგადად წერია, ახალა კი უფრო კონკრეტულად.

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების, იგივე პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემების საკითხს, კობახიძს თქმით, ის, რომ ასეთი მონაცემები საჯარო არ იქნება, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში ეწერება.

[red_box]საჯარო ინფორმაცია საჯარო ინტერესის კონტექსტის გარეშე[/red_box]

კონსტიტუცის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლი არეგულირებს “პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებებს”. მის მე-4 პუნქტში ვკითხულობთ:

ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად

საკომიტეტო მოსმენაზე ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ გადავა მე-18 მუხლში, თუმცა ერთი არსებითი განსხვავებით – საჯარო ინტერესი, როგორც პირადი ინფორმაციის გასაჯაროების ერთ-ერთი საფუძველი აღარ იარსებებს.

კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში ამ კუთხით საჯარო ინტერესის არსებობა მაღლა წევს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტს, თუმცა აზიანებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესებს და ამ ორ ინტერესს შორის ბალანსი ინფორმაციის თავისუფლების სასარგებლოდ იხრება.

საჯარო ინტერესის ცნების კონსტიტუციიდან ამოღების საკითხი გააპროტესტეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ საკომიტეტო სხდომას. ლევან ავალიშვილის (IDFI) განცხადებით, თუ ამ კონტექსტში კონსტიტუციიდან საჯარო ინტერესის ცნება გაქრება, ეს ბალანსს ინფორმაციის დახურულობის სასარგებლოდ შეცვლის, რაც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანას არ შეშვენის. მან მოიყვანა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო საქმის მაგალითი, რომლის გადაწყვეტილებაც, ავალიშვილის თქმით, საჯაროდ გამოცხადდება და ჟურნალისტები მას გაიგებენ, თუმცა ამას შემდეგ უკვე საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვენ, სასამართლო არ მისცემს და იტყვის, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციაა. ავალიშვილის თქმით, ამ ტიპის ინფორმაცია სწორედაც რომ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის საგანს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ კონსტიტუციური საფუძველი, რომ თუ ასეთ მონაცემებს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო დაბლოკავს, სასამართლოში ედავონ.

ეს საკითხი გააპროტესტა ვაკო ნაცვლიშილმაც (OSGF). მან არ გაიზიარა პარლამენტის თავმჯდოამრის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საჯარო ინტერესი ფართო ინტეპრეტაციის საგანი შეიძლება გახდეს.

საბოლოო ჯამში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის მზადაა. საჯარო ინტერესის ფორმულირებაში დატოვებას მხარი დაუჭიროს. პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პროექტს მეორე მოსმენით კენჭს დღეს უყრის. ოპოზიციის წარმომადგენლებს საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაა, რომ ისინი საჯარო ინფორმაციის ნაწილში ცვლილებების შეტანას მხარს არ უჭერენ და ითხოვენ არსებული რედაქციის ძალაში დატოვებას. მათი თქმით, აღნიშნული მუხლის შეცვლის რეკომენდაცია ვენეციის კომისიას საქართველოსთვის არ მიუცია შესაბამისად ის უნდა დარჩეს ისე, როგორც არის ამჟამად. ვრცლად ამ საკითხზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი