“მე ვფიქრობ, რომ მოქმედი მინისტრი, ქალბაქონი თამარ სანიკიძე უაღრესად კვალიფიციური ადამიანია. მას გააჩნია უნარი და, ვფიქრობ, ვალდებულებაც, რომ თვითონ დააკომპლექტოს თავისი სამინისტრო,”- განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება დავით ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პრეტენეზიები თავის დროზე მის მიმართ მარგველაშვილსაც ჰქონდა, განათლების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მას ეს განცხადება არ მოუსმენია და კომენტარს ვერ გააკეთებს.
ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა თანამდებობიდან პრემიერის ბრძანებით, როდესაც თანამდებობიდან გადაყენებული იქნა მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და, შესაბამისად – მისი ყველა მოადგილე. მოგვიანებით, ივანიშვილის ბრძანებით, მინისტრის პოზიცია დაიკავა ყოფილმა პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ და ამ დროისთვის, ასევე, პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშნულია ყოფილი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. ამ დროისთვის უცნობია, დაიკავებს თუ არა ისევ მინისტრის მოადგილის პოზიციას ალუდა გოგლიჩიძე. სანიკიძემ დღეს განაცხადა, რომ მას ოთხი მოადგილე ეყოლება, თუმცა მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
