სასამართლოს განმარტებით, პატიმრობა გამოყენებული იქნა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

“ამ ეტაპზე საქმეში  მოიპოვება არსებული სტანდარტის მიხედვით ფორმალური (საპროცესო) და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, კერძოდ, ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ პატიმრობის გამოყენებისათვის, ვინაიდან მოპოვებული მასალები (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები, დათვალიერების ოქმები და ამოღებული ნივთები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მოჰამმადამინ როოინტანის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, მოჰამმადამინ როოინტანის სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები, ნივთის ამოცნობის ოქმი, მოწმეების: ჟუჟუნა ბერიძის, ლიანა მგელაძის, ინგა დანელიას, თეა ცისკაძის, გოჩა მსხალაძის, მარიამ ჩავლეიშვილის, გურამ მიქელაძის, ქრისტინე დუმბაძის, შინდიკო რიჟამაძის, შუქრი შიშმანიძის, გელა მალაზოანიას, თემურ ჯაიანის, დავით არძენაძის, რომან ლაშხიას ჩვენებები და გამოძიების მიერ მოპოვებული სხვა წერილობითი მასალები) საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და ”გ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ მოჰამმადამინ როოინტანის.”

 

სასამართლოში განმარტავენ, რომ, ასევე, გაითვალისწინეს ბრალდებულის პიროვნება, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე (მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე განზრახ დანაშაულთა კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის სახედ გათვალისწინებულია  თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა), ქმედების ხასიათი და შინაარსი (მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით).

 

“ასევე, სასამართლო გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოჰამმადამინ როოინტანმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით დატოვა საქართველოს ტერიტორია, ხოლო აღნიშნული გარემოება იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ცდილობს მიმალვას. შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ვარაუდი, რომ  მოსალოდნელი სასჯელის გონივრული მოლოდინის რეჟიმში მყოფი ბრალდებულის მხრიდან არსებოს საფრთხე თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მიმალვის  თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სასამართლო ავრცელებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *