სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში სოფლად მცხოვრებმა 250 000-ზე მეტმა ადამიანმა დახმარება მიიღო. ENPARD-ის ინფორმაციით, პროგრამის პირველი ფაზა 2014-2017 წლებს მოიცავდა და პირველი ეტაპის ფარგლებში 52 მილიონი ევრო დაიხარჯა.
ENPARD-ის პროგრამა სამ ძირითად საკითხს ითვალისწინებს: სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სექტორში ჩართული სხვა ინსტიტუციების მოდერნიზება და პროფესიული უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, საქართველოში ფერმერთა კოოპერატივის მოდელის განვითარების ხელშეწყობა და სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვა.
ENPARD-ის პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტი კოოპერატივების გაძლიერება იყო. ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 1,500-მდე კოოპერატივი, რომელიც 15,000 ფერმერს აერთიანებს. აქედან 280-ზე მეტი კოოპერატივი ევროკავშირმა დაახლოებით 13 მლნ ლარით დააფინანსა.
“არაგველები” ერთ-ერთი კოოპერატივია, რომელმაც დაფინანსება ENPARD-გან მიიღო. კოოპერატივის დირექტორი ნათია ფსუტური “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირის დახმარებით კოოპერატივმა საწარმო ააშენა და ამ ეტაპზე დეკას ჩაის აწარმოებენ.
“კოოპერატივი “არაგველები” ვაწარმოებთ ალპური მცენარეული ჩაის მრავალსახეობას. ძირითადი არის დეკას ჩაი. ამ ეტაპზე ხუთი სახეობის დეკა გვაქვს. კოოპერატივი 2014 წელს ჩამოვაყალიბეთ. ENPARD-გან მივიღეთ დაფინანსება და ავაშენეთ საწარმო. შევიძინეთ დანადგარები, საშრობი კარადა, დასაქუცმაცებლები. გაგვიწიეს დახმარება კოლოფების დამზადებაში და ასევე გვეხმარებიან პროდუქციის პოპულარიზაციაში. ამ ეტპზე დიდი ბრუნვა არ გვაქვს, თუმცა სისტემატიურად გვიტარდებოდა ტრენინგები,” – აცხადებს კოოპერატივის დირექტორი.
კოოპერატივი “კოდორი” თაფლის პროდუქტებს აწარმოებს. კოოპერატივის წარმომადგენლის, დემურ დარსანიას თქმით, ENPARD-ის, კოოპერატივების სააგენტოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით თაფლის პროდუქციას აწარმოებენ.
“ვწერთ პროექტებს, შემდეგ ჩვენი პროექტები იმარჯვებს. ოღონ ვერ გეტყვით, რა თანხა მივიღეთ ENPARD-ისგან. ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები არიან შემოსული და მათგან მხარდაჭერას ვგრძნობთ. ეს ფინანსური დახმარება საგრძნობია. გავაკეთილშობილეთ ჩვენი პროდუქცია. სხვანაირი სავაჭრო სახე მიიღო. ამ ყველაფერში გვეხმარებიან. ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით გვიტარდება. მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს დაფასოება, ეტიკეტის გაკეთება და სხვა,”- აცხადებს დემურ დარსანია.
თინათინ უგულავა კოოპერატივ “კონას” წარმოადგენს. “კონა” ბალახეულის ჩაის აწარმოებს. კოოპერატივის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიზნესიდეის განსახორციელებლად კოოპერატივს არ ჰქონდა გამოცდილება და ფინანსური რესურსი.
“ENPARD-ის გრანტით კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ლავრისხევში მოვაწყვეთ საწარმო და ბაღი, რომელიც წვეთოვანი სარწყავი სისტემით აღვჭურვეთ. დაფინანსებაზე განაცხადი 2014 წლის შემოდგომაზე შევიტანეთ. ჩვენი იყო მცირე პროექტი, 7000 ევროს მოცულობით. ფინანსური დახმარების გარდა, ამ პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო დახმარებაც მივიღეთ. მაგალითად, ბიზნესგეგმის შედგენა, სურსათის უვნებლობის რეგულაციები და, რაც მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის რეგულაციები,”-აცხადებს თინათინ უგულავა.
“კონას” წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროკავშირის პროექტის დახმარებით “კონას” ონლაინ მაღაზიაც გაკეთდა. მისივე თქმით, ქართული პროდუქტი ჰოლანდიასა და ლატვიაში ექსპორტზეც გადის.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ENPARD-ის პროგრამა ქართულ სოფლის მეურნეობას ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებაში ეხმარება.
“ENPARD ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს, კოოპერაციის საშუალებით მიაღწიონ იმ სტანდარტებს, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეწარმეებს, გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირში. ეს პროგრამა ეხმარება მათ ფინანსურად, გრანტებით და სწორი ცოდნის მიღებაში,” – განაცხადა პრემიერმა.
ENPARD-ის პროგრამაზე კომენტარი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანუშ ჰერმანმა გააკეთა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივების განვითარება მნიშვნელოვანია.
“ჩვენ მოხარულები ვართ, როცა ადამიანები საუბრობენ, როგორ შეცვალა ENPARD-ის პროგრამამ მათი ცხოვრება. ამ პროგრამის დახმარებით სოფლებში ხალხი აგრძელებს საკუთარი მომავლისთვის ბრძოლას,”-აცხადებს ელჩი.
საქართველოში ENPARD-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. მისი საერთო ბიუჯეტი (სამივე ფაზა) 179,5 მილიონ ევროს (500 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენს და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზას და დამატებით 230 მილიონი ლარის დახმარებას აცხადებს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2018-2021 წლებისთვის ENPARD- ის მესამე ფაზის განხორციელებისთვის დამატებით 230 მლნ ლარს (77.5 მილიონი ევრო) გამოყოფს.
ის შემდეგ მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს: სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გატარებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა; ფერმერების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ მათი უკეთ ინფორმირება და განათლება; ფერმერთა პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, ასევე, პროცედურების, შემოწმებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვა. გარდა ამისა, მესამე ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის და აჭარის მთავრობის მხარდაჭერა; სოფლის ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციისთვის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის აჭარაში და აფხაზეთში, დასაქმებისა და მომსახურების გაუმჯობესება; ასევე, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განმტკიცება.