ახალი ამბები

ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის დასახმარებლად 55 მლნ ევრო გამოყო

17 დეკემბერი, 2020 •
ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის დასახმარებლად 55 მლნ ევრო გამოყო

ევროკავშირი საქართველოში იწყებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონი ევროა. პროგრამის მეოთხე ფაზის დაწყების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, პროგრამის მეოთხე ფაზის მიზანია საქართველოში სურსათის ხარისხის და სტანდარტების გაუმჯობესება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ევროკავშირში ექსპორტის ზრდა, ასევე, საცხვრებელი პირობების გაუმჯობესება სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, 55 მილიონი ევროდან 31 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებაა, 24 მილიონი კი ტექნიკური და საგრანტო დახმარების სახით გაიცემა.

“მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ. გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის IV ფაზა უმეტესად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ასევე, პროგრამა ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში გააგრძელებს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერების მიმართულებით.

პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი