ახალი ამბები

დათხოვილ მოხელეებს ბიუჯეტიდან 652 269 გადაუხადეს – საიას კვლევა

14 დეკემბერი, 2017 • 2612
დათხოვილ მოხელეებს ბიუჯეტიდან 652 269 გადაუხადეს – საიას კვლევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, 2012–17 წლებში თვითმმართველი ქალაქების მერიებიდან, საკრებულოებიდან და სამინისტროებიდან უკანონოდ დათხოვილი ადამიანებისთვის გადასახდელი თანხა 652 269 ლარს აღწევს.

საიას კვლევის მიხედვით,  საანგარიშო პერიოდში სასამართლოში სულ 382 სარჩელი შეიტანეს. აქედან 321 სარჩელით – სამინისტროებიდან, ხოლო 61 თვითმმართველი ქალაქის მიერ დათხოვილმა ადამიანებმა სასამართლოს მიმართეს. აქედან 368 სარჩელი წარადგინეს საჯარო მოხელეებმა, ხოლო 14 სარჩელი – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა.

კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 83 სარჩელი, არ დააკმაყოფილა 61 სარჩელი, საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში, წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში, ხოლო 19 საქმე მოსარჩელემ თავად გამოიხმო.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხუთ სამინისტროს დაევალა უკანონოდ დათხოვილი 25 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს- 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა.

“ეს ინფორმაცია მოიცავს სამინისტროების ცენტრალურ აპარატებს და არ ფარავს საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროების სისტემაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სადაც ასევე არსებობს დავები ამ საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ”, – ამბობს ნინო ცუხიშვილი, საიას იურისტი.

ცუხიშვილის თქმით, კვლევის შემდეგი ეტაპი გავრცელდება სამინისტროების ქვეუწყებებისა და სსიპ–ებიდან დათხოვილი ადამიანების საქმეების შესწავლაზეც.

“ამ დრომდე განხილვაში [არსებულ საქმეებს თუ გავითვალისწინებთ], საშუალოდ, თუ ვიანგარიშებთ რომ იმავე რაოდენობას მოიგებენ, მილიონ ლარს გადააჭარბებს სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა”, – განაცხადა საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.

საია საჯარო დაწესებულებებს ურჩევს, რომ პირველ ინსტანციაში საქმის წაგების შემდეგ არ გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციებში, როგორც იქცევიან ხოლმე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული დავების დროს და ზედა ინსტანციაში ასაჩივრებენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებს.

“ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაბუთების ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილება კარგად და ნათლადაა დასაბუთებული, მათ არ უნდა გააგრძელონ დავა შემდეგ ინსტანციებში. მიჩვეული ვართ, ადმინისტრაციული ორგანოებში ყველა ინსტანციაში აგრძელებენ დავას. საინტერესო ის არის, რომ ეს ზრდის ხარჯებს, რომელიც უნდა გასწიონ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა. ეს არის ბიუჯეტის თანხა”, – ამბობს სულხან სალაძე.

სულხან სალაძე ასევე მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, შეასრულონ ეს მოთხოვნა., როდესაც სასამართლო დაავალებს მათ, საქმის მასალები ზუსტად და თანმიმდევრულად შეისწავლოს, თუ რამდენად კანონიერი იყო მოხელის დათხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი