“მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება, რათა დროულად და ეფექტურად წარიმართოს გამოძიება და დადგინდეს, აშშ-ის ფედერალური ბიუროს დასკვნის დამალვის გზით, ჩაიდინა თუ არა რომელიმე პირმა დანაშაული. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში უვადო თავისუფლებააღკვეთილ გ.გვიჩიანს კვლავ ექნება შესაძლებლობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თავისი საქმის გადახედვა მოითხოვოს”, – მიმართავს მთავარ პროკურორს კახა კოჟორიძე.
კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გიორგი გვიჩიანმა. მას მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საია–ს თავმჯდომარის თქმით, გიორგი გვიჩიანი მიუთითებს, რომ 2013 წლის 19 მარტს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. გადასინჯვის საფუძვლად, სხვა ფაქტორებთან ერთად, მითითებული იყო 2006 წლის 31 მარტით დათარიღებული აშშ-ის ფედერალური ბიუროს დასკვნა. ბატონი გიორგის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა გამოძიებას დამალული ქონდა და სასამართლო განხილვისას არ წარუდგენია. 2013 წლის დასაწყისში დასკვნა მოძიებულ იქნა პროკურატურის მიერ გ.გვიჩიანის ადვოკატების მომართვის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აპრილის განჩინებით, გიორგი გვიჩიანის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება გ.გვიჩიანის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა, ძალაში დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „მართალია, პროკურორის მიერ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნები სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა, როგორც მოცემულ დასკვნებზე რეზოლუციებით ირკვევა, ჯერ კიდევ 2006 წლის 4 აპრილს სახელმწიფო ბრალდებისათვის ცნობილი იყო ზემოაღნიშნული დასკვნების არსებობის თაობაზე.“ შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან ერთი მხარისთვის (ბრალდებისთვის) ცნობილი იყო დასკვნების თაობაზე, იგი არ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას.
“ვფიქრობთ, სასამართლომ ვიწროდ განმარტა სსსკ-ის 310-ე მუხლი. კანონის ნორმის სწორი განმარტების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა წარდგენილი მტკიცებულების ცნობა ახალ მტკიცებულებად, რადგან დაცვის მხარისთვის ცნობილი არ იყო ამ ფაქტის შესახებ, ხოლო ბრალდების მხარემ დაარღვია იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაკისრებული ვალდებულება და ზემოაღნშნული მტკიცებულება სასამართლოს არ წარუდგინა. სხვა ბერკეტი, რომლითაც დაცვის მხარისთვის დასკვნის მოპოვება გახდებოდა შესაძლებელი, არ არსებობდა. დასკვნის წარდგენის შემთხვევაში არსებობდა იმის ალბათობა, რომ სხვაგვარი განაჩენი დამდგარიყო. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ”, – ნათქვამია კახა კოჟორიძის მიერ მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
საია–ს თავმჯდომარისვე განცხადებით, გიორგი გვიჩიანი, მისი ადვოკატები და, რაც მთავარია, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ცალსახად მიიჩნევენ, რომ დასკვნა ბრალდებამ დამალა და არ წარადგინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის თანახმად, „საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი.“ იმ პირთა ქმედებაში, რომლებმაც დამალეს და არ წარადგინეს აშშ-ის ფედერალური ბიუროს დასკვნა, შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების არსებობდეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კახა კოჟორიძის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებების მთავარი პროკურორის შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
სასამართლომ “თბილგაზის” დირექტორი გია გვიჩანი 2006 წელს “თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემკვეთად სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
