ქურდობის მცდელობაში ბრალდებული ორი პირი, დავით სარალიძე და ლევან კუპატაძე, პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც მათი ადვოკატი, ინგა ბოლოთაური რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, გუშინ საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მათი ნების საწინააღმდეგოდ მორიგი ბიოლოგიური ნიმუშების აღება სურდათ.
“პირველ რიგში, პოლიციელებს ვადანაშაულებთ იმაში, რომ არაფრის გამო გაგვაჩერეს, ჩამოგვაგდეს მანქანიდან და გვაწამეს. შემაგდეს პატარა მანქანაში. განუწყვეტლად მირტყამდნენ თავში და გვერდებში, რის გამოც ინსტიქტურად ვიფარებდი თავზე ხელებს. ამის შემდეგ ხელები ამომიტრიალეს, დამადეს ხელბორკილი და გააგრძელეს ცემა. წამიყვანეს ერთ-ერთი კორპუსის ბოლო სართულზე, ხელები გამაშლევინეს და კარის ზედაპირზე გაშლილ მდგომარეობაში დამადებინეს ხელები,” – განუცხადა რუსთავი 2-ს დავით სარალიძემ.
ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცველები მტკიცებულებების ფალსიფიცირებით გაუხსნელი საქმეების სტატისტიკის გაუმჯობესებას ცდილობენ. ინგა ბოლოთაური შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ პირებს უწყებისთვის ან გენერალური ინსპექციისთვის არ მიუმართავთ რაიმე განცხადებით პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. მიუხედავად ამისა, როგორც შსს-ში განგვიცხადეს, სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე შესწავლა დაწყებულია.
- დავით სარალიძე და ლევან კუპატაძე პოლიციამ 1 დეკემბერს დააკავა. გამოძიება მათ ქურდობის რამდენიმე ფაქტს ედავება, თუმცა ბრალს არცერთი მათგანი აღიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო მომდევნო პროცესი 2018 წლის 11 იანვარს ჩანიშნა.