ახალი ამბები

ბარიკადები რევოლუციიდან 4 წლისთავზე – რას აპროტესტებენ კიევის ცენტრში?

13 დეკემბერი, 2017 •
ბარიკადები რევოლუციიდან 4 წლისთავზე – რას აპროტესტებენ კიევის ცენტრში?

“ევრომაიდნის” კვალი უკრაინის დედაქალაქში არც ოთხი წლის შემდეგ გამქრალა. “ზეციური ასეულისა” და რევოლუციის ხსოვნას ადამიანთა მეხსიერების გარდა ყველა ის ადგილი ინახავს, სადაც დრამატული მოვლენები ვითარდებოდა. ქვაფენილით, ბარიკადების ნარჩენებითა და ეროვნული დროშებით მოქალაქეებმა “რევოლუციის მემორიალები” სახელდახელოდ მოაწყვეს. აღნიშნულ ადგილებზე დღემდე იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც დაღუპულთა ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით მიაგებენ პატივს.

"ზეციური ასეული" - "ევრომაიდნის" რევოლუციის დროს დაღუპულთა მემორიალი კიევის ცენტრში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მაშინ იანუკოვიჩის ხელისუფლება, რომელსაც მოქალაქეები ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებდნენ, 3 თვეში დასრულდა. თუმცა დრამატული მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ კიევის ქუჩები კვლავ მოიცვა საპროტესტო გამოსვლებმა. ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და მის მთავრობას მოქალაქეთა ნაწილი ამჯერად იმ რეფორმების გაუტარებლობას ედავება, რომლებიც სწორედ ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო. ყოველივე ამასთან ერთად დღის წესრიგში კვლავ დგას მთავარი მოთხოვნა: პრეზიდენტ პოროშენკოს უპირობო იმპიჩმენტი.

კარვების ქალაქი კიევში, უმაღლესი რადას მიმდებარედ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მიხეილ სააკაშვილის “ახალ ძალთა მოძრაობა” და მისი მხარდამჭერი პარტიები საპროტესტო აქციებს უმაღლეს რადასთან რამდენიმე თვეა მართავენ. პროტესტის საგანი ქვეყანაში არსებული კორუფციის მაჩვენებელია, რომლის ზრდასაც, მოძრაობის ლიდერების თქმით, ხელისუფლების ქმედებები უწყობს ხელს. პროტესტმა, რომელიც კიევის მაიდანზე რამდენიმე ასეული ადამიანის შეკრებით დაიწყო, ინტენსიური სახე მიიღო და უმაღლესი რადას მიმდებარედ გაშლილ კარვების ქალაქში გადაინაცვლა. მოვლენათა ეპიცენტრს ბარიკადები იცავს, რომლებიც აქციის მონაწილეთა თვითორგანიზებულმა ჯგუფმა პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში აღმართა.

ანტისახელისუფლებო კამპანიას მხარს უჭერს მოძრაობა “ხალხის ხმაც”, რომლის წევრი იულია კარვების ქალაქში გამართულ აქციებს მუდმივად ესწრება. მისი თქმით, ხალხი ქუჩაში არა ერთეულმა ლიდერებმა, არამედ მძიმე სოციალურმა ვითარებამ და უკრაინის ხელისუფლებამ გამოიყვანა, რომელიც არაერთი პრობლემის მიუხედავად, ხალხს არ უსმენს.

“ჩვენ გვინდა, მოგვიმატონ ხელფასები, პენსიები, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს რეაგირება ხალხის მოთხოვნებზე. ისინი ხშირად ამას არ აკეთებენ. კარგი იქნებოდა, რომ ეს იყოს სახალხო ხელისუფლება და არა ისეთი, რომელიც სადღაც გვერდიდან გვიყურებს. თუ ხალხი რაღაცას ითხოვს, მას ასევე სურს, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კონტაქტზე. ამის მაგივრად ისინი [ხელისუფლება] სხედან და არანაირ რეაგირებას ახდენენ. ხშირ შემთხვევაში, მათ არაფერი აინტერესებთ.

რაც შეეხება სააკაშვილს: შემიძლია ვთქვა, რომ ის კულტურული, ინტელიგენტი ადამიანია, თუმცა მას, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ. მას არ მისცეს საშუალება, რომ მისი შესაძლებლობები გამოემჟღავნებინა. ამიტომ მასზე არც ცუდის თქმა შემიძლია და არც კარგის.

მიხეილ სააკაშვილსა და “ახალ ძალთა მოძრაობას” საპროტესტო აქციების დაწყებიდანვე შეუერთდა იულია ტიმოშენკოს პარტია “ბატკივშინა”. მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირველი მცდელობის შემდეგ ტიმოშენკომ ხელისუფლების ქმედებები “პოლიტიკურ ტერორად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა გვერდით უნდა დაუდგეს მიხეილ სააკაშვილს. უკრაინის პოლიტიკურ წრეებში ახლა სწორედ სააკაშვილ-ტიმოშენკოს განიხილავენ პოროშენკოს ხელისუფლების მთავარ მოწინააღმდეგედ.

პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით შეკრებილი მოქალაქეები კიევში, უმაღლესი რადას მიმდებარედ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მათ შორის, ვინც ლიდერის მოწოდება გაიზიარა, “ბატკივშინას” მხარდამჭერი ალექსანდრ კულიშიცაა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ევროპულ ღირებულებებს გადაუხვია და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებით დაკავდა. ფიქრობს, რომ სააკაშვილი ნამდვილად არის ლიდერი, თუმცა ემოციურობა ხშირად უშლის ხელს მოვლენათა ადეკვატურად შეფასებაში.

იულია ტიმოშენკო ყოველთვის მიჰყვება ადამიანურ ღირებულებებს და სურს, ჩვენი ქვეყანა ევროპულ ღირებულებებზე დაყრდნობით განვითარდეს. ახლა ის ამბობს, რომ ქვეყნის სათავეში მყოფმა ადამიანებმა გადაუხვიეს ევროპულ კურსს და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ იშოვონ ფული. მე მას ვეთანხმები.

სააკაშვილზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მგრძნობიარე ადამიანია და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მაგრამ არის ძალიან ემოციური და სათანადოდ ვერ მიჰყვება მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაში ვითარდება. თუმცა, საერთო ჯამში, დიდი ძალა და ნებისყოფა გააჩნია”, – ამბობს ალექსანდრე.

კიევში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მოთხოვნები იმ შენობაშიც ესმით, სადაც კარვების ქალაქია გაშენებული, თუმცა მათდამი მიდგომა განსხვავებულია. ოპოზიციისგან განსხვავებით, პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლები უკმაყოფილებას ადამიანთა გადაჭარბებულ მოლოდინებს უფრო უკავშირებენ, ვიდრე ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობას. ასე ფიქრობს, მაგალითად, დეპუტატი გრიგორი შვერკი, რომელმაც ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხარვეზები რეფორმების გატარების პროცესში აშკარაა, თუმცა უკრაინელებმა უნდა ისწავლონ, რომ მათზე მხოლოდ მინისტრები და დეპუტატები ვერ იზრუნებენ.

“როდესაც ხალხი გამოვიდა მაიდანზე სამი წლის წინ, იყო მოლოდინი, რომ აი, იანუკოვიჩს გააძევებენ და ხვალიდან დავიწყებთ კარგ  ცხოვრებას. ასე არ ხდება არადროს. ცვლილებების არანაირი რეცეპტი არ არსებობს. სანამ ადამიანები ვერ გაიგებენ, რომ მათი ცხოვრება არ არის დამოკიდებული პრემიერზე, დეპუტატებზე, და სანამ ყველა მოქალაქე არ აიღებს პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე, თავად გაიუმჯობესოს ცხოვრება, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი გრიგორი შვერკი

რაც შეეხება სააკაშვილსა და მის პერსპექტივებს, შვერკმა აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედ პოპულისტ პოლიტიკოსებს შორისაა.

“აი, ტელელვიზორში გამოდიან და ამობენ: ხვალ მოვალ და ყველაფერი კარგად იქნება. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი ასეთია. მოდის და ამბობს, სამასი სპარტანელივით მოვალთ ხვალ და უკვე ზეგ ბედნიერები იქნებით”.

სანამ პოროშენკოს თანაგუნდელები სააკაშვილის დაპირებების არარეალურობაზე საუბრობენ, “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა უკვე დააანონსა კიდევ ერთი აქცია იმპიჩმენტის მოთხოვნით, რომელიც კვირას, 17 დეკემბერს, კიევის ცენტრში, შევჩენკოს ბაღში გაიმართება. მეორე დღეს კი სააკაშვილი პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს, სადაც კიევის რაიონული სასამართლოს მიერ გათავისუფლებიდან მალევე დაიბარეს.

გუშინ, 12 დეკემბერს სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურორისგან ულიმატუმიც მიიღო: იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინას საკუთარი ნებით არ დატოვებს, იური ლუცენკოს თქმით, საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ულტიმატუმი არასერიოზულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ექსტრადიციის პროცუდურის დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სააკაშვილი დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარებით ხელისუფლების დამხობის ბრალდებით 8 დეკემბერს დააკავეს. მის მხარდასაჭერად ოპოზიციამ რადას მიმდებარე ტერიტორიიდან კიევის მაიდანზე გადაინაცვლა, სადაც 10 დეკემბერს მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი