“ასეთი გეგმის შემუშვება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ გამოვავლინოთ ზუსტად დედის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ვინაიდან ჩვენმა კვლევებმაც აჩვენა, რომ დედათა სიკვდილიანობის გარკვეული ნაწილი არ მოხვდა დემოგრაფიული აღრიცხვიანობის სისტემაში. მსგავსი კვლევა შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ, რა არის სიკვდილობის მაჩვენელი და დავგეგმოთ გაზომვის გაუმჯობესებთან მიმართებაში. დედათა სიკვდილობის მაჩვენებელს თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს, საქართველოში სამჯერ უფრო მაღალია. შესაბამისად, ძალიან ბევრი სამუშაოა გასატარებელი, რომ ამ რიცხვის შემცირება მოხდეს,”- ამბობს ნინო ბერძული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველი (ჯონ სნოუს კვლევების სწავლების ინსტიტუტი).
აღნიშნული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ 2010 წელს საქართველოში რეპროდუქციული ასაკის 15-49 წლის 993 ქალი გარდაიცვალა. აქედან 155- სამედიცინო დაწესებულებაში. კვლევის მიერ გამოვლენილი 155 ქალიდან კი, 45.8% იმ დროისთვის გათხოვილი იყო, 40.6%- ის შემთხვევაში ქორწინების სტატუსის დადგენა ვერ მოხერხდა. დანარჩენი რიცხვი კი გაუთხოვარ და ქვრივ ქალებს შორის გადანაწილდა.
ბერძულის განამრტებით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოადგენს სამეანო და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორს.
“ამდენად, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზომვის გაუმჯობესება არის ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრიორიტეტი და ჯანდაცვის სისტემისთვის ყველაზე მნიშნველოვანი ამოცანაა შედეგზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დამყარებული სამედიცინო პროგრამების შემუშავება დედათა სიკვდილობის შემცირების თვალსაზრისით.”
ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ 2013 წელს რა სიტუაცია იქნება დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, უცნობია.
“2010 წელს გვქონდა დედათა სიკვდილობის პიკი საქართველოში. რაც სავარაუდოდ გრიპის ეპიდემიას უკავშირდება. შემდეგ არის კლების ტენდეცია, თუმცა, 2013 წელს რა სიტუაცია გვექნება, არ ვიცი,”- ამბობს ლელა სტურუა.
კითხვაზე, რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი დედათა სიკვდილიანობის საქართველოში, სტურუა ამბობს:
“ყველაზე ხშირი არტერიული წნევის პრობლემებია, რომელიც აბსოლუტურად თავიდან აცილებადია, თუ ორსულობის პერიოდში ქალი დროულად მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას და იქ კვალიფიციური ექიმი დახვდება,”- ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა მიმდინარე წლის აპრილში, იგი სამედიცინო დაწესებულებებიდან პირად ელექტრონულ ფოსტაზე იღებს ყველა ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, რომელიც დედის ან ახალშობილის გარდაცვალებას შეეხება.
მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილობის ოფიციალური მონაცემის ზრდა მიმდინარე წლის იანვარში მის მიერ გამოცემულ ბრძანებას უკავშირდებოდეს.
დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად სამედიცინო დაწესებულებებს “სასწარფო შეტყობინების” ფარგლებში ვალდებულება დაეკისრათ ორსულის, მშობიარეს ან მელოგინეს (მშობიარობიდან პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების და მკვდრაშობადობის თითოეული შემთხვევიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში აცნობონ ჯანდაცვის სამინისტროს.
