ახალი ამბები

კოალიცია პარლამენტს მიმართავს, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს

13 დეკემბერი, 2017 • 1482
კოალიცია პარლამენტს მიმართავს, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს

პირველი მოსმენით მიღებული მაუწყებლობის შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უმცირდება, ასევე კომერციული რეკლამისთვის გამოყოფილი დრო ეზრდება, წამყვანმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 11 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტმა 15 ნოემბრის წერილში აღნიშნა, რომ დამატებითი მსჯელობა უნდა გამართულიყო გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხზე, ასევე, კომერციული რეკლამისთვის გამოყოფილი დროის 1 საათამდე გაზრდის თაობაზე დაგეგმილი ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები უნდა წარმოედგინათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მიესალმა კომიტეტის უარყოფით დასკვნას, რადგან მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე.

“მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას, გაიზიარონ ის მნიშვნელოვანი შენიშვნები, რაც არსებობს კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილისა და კერძო მედიასაშუალებების მხრიდან”, – აცხადებს კოალიცია.

ამავე თემაზე: მოსალოდნელი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილულიყო.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით 2017 წლის 15 ნოემბერს განიხილეს. მხარი 82–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 11 დეპუტატი წავიდა.

კანონპროექტის პარლამენტში ინიციატორები არიან პარლამენტარები: გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფო კილაძე, რომან კაკულია, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ლევან კობერიძე, მერაბ ქვარაია, ენძელა მაჭავარიანი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე არიან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მისი მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი