ახალი ამბები

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქი საქართველოში მიიწვია

24 ივლისი, 2013 • 1692
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქი საქართველოში მიიწვია

შეხვედრა ეკლესიის წარმომადგენლებს შორის 23 ივლისს მოსკოვში, რუსეთის საპატრიარქოში შედგა.

 

რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, რუსეთის პატრიარქმა, კირილმა პოსტაბჭოთა ქვეყნების რელიგიურ ფაქტორზე ისაუბრა.

 

კირილის გაცხადებით, რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის აღნიშვნა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ რუსეთისთვისაა, ვინაიდან მისი თქმით, წლების წინ ათეისტური მმართველობა, რუსეთის გარდა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დასრულდა, მათ შორის უკრაინაში, ბელორუსში და საქართველოში. 


“ამიტომ ეს იუბილე გარკვეულწილად საერთო იუბილეა – 25 წელი ჩვენი ეკლესიების აღორძინების,”– განაცხადა მან.  


შეხვედრის დროს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ილია მეორე “პატივისა და ღირსების” ორდენით დააჯილდოვა. სხვადასხვა ორდენებით დაჯილდოვნენ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებიც, რომლებიც, ასევე, მოსკოვში იმყოფებიან. 


თავის მხრივ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის ილია მეორემ, რუსეთს და რუს ხალხს კეთილდღეობა უსურვა და რუსეთის ეკლესიის წინამძღოლი საქართველოში მიიწვია.


როგორც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, საქართველოს და რუსეთის ეკლესიების სამომავლო ურთიერთობის საკითხები. 

ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი
ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი

 

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით, თანმხლებ პირებთან ერთად მოსკოვში 22 ივლისს გაემგზავრა, შემდეგ კი უკრაინასა და ბელორუსს ეწვევა.

 

პატრიარქის ვიზიტი, რომელიც რუსეთის გაქრისტიანებიდან 1025 წლისთავის აღნიშვნას უკავშირდება, 23 ივლისს დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, აშშ–ისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი; საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ–ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ჭუაძე; თბილისის სასულიერო სემინარია–აკადემიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.  

 

საზეიმო ლიტურგიას წმინდა მოციქული ოლგას სახელობის დღესასწაულზე მართლამადიდებლური ეკლესიის წინამძღოლები მოსკოვში, იესო ქრისტეს საკათედრო ტაძარში 24 ივლისს აღავლენენ.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე ვიზიტის ფარგლებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილის გარდა, კიევში სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს და მინსკში, სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგსარქოსს, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტ ფილარეტს შეხვდება.

 

პატრიარქის ბოლო ვიზიტი რუსეთში იანვარში შედგა, მაშინ ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით ჩავიდა და ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი