ახალი ამბები

პროკურატურა: ივანიაძის ვიდეოჩანაწერის მოპოვება-გავრცელება სრულ შესაბამისობაშია საპროცესო მოთხოვნებთან

24 ივლისი, 2013 • 1090
პროკურატურა: ივანიაძის ვიდეოჩანაწერის მოპოვება-გავრცელება სრულ შესაბამისობაშია საპროცესო მოთხოვნებთან

“ხსენებული ვიდეოჩანაწერის როგორც მოპოვება, აგრეთვე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა, განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

 

22 ივლისს პროკურატურამ გაასაჯაროვა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნაწილი. ივანიაძემ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი გადაღებულია ფარულად პროკურორის მიერ, როდესაც ის იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში. გუშინ საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ გასარკვევია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჰქონდა თუ არა გამოძიებას სასამართლოს ნებართვა ფარული ჩანაწერის განხორციელებაზე:

 

“სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებებში, ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება”.

 

შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს და 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 11 ივლისს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მან გამოძიებას ჩვენება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა. ამის შემდეგ ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. მთავარ პროკურატურაში 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გამოძიების შედეგად გამოირიცხა ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტი. პროკურატურა დამატებით ზომებს მიიღებს, თუკი ივანიაძის მხრიდან ცრუ დასმენის ფაქტს დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი