საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგულისხმოა საპატრიარქოს აზრი იმის შესახებ, რომ სკოლებში რეგულარული შემეცნებითი საუბრები ჩატარდეს.
“ჩვენ ყურადღებით გავეცანით საპატრიარქოს განცხადებას ცნობილი მოვლენების შესახებ და მთლიანად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ განცხადებაში არის მოცემული. განათლების სისტემა ვერ იქნება განყენებული საზოგადოებისგან და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერებაზე არის საზრუნავი. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მსჯელობაც არ მიმდინარეობს, ვინაიდან მსჯელობის კულტურაც არის ის, რისი აღდგენაც ჩვენ ყველას ერთად გვმართებს. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, ეკლესიის ჩართულობით და მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით, რომ ვიპოვოთ ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ამ გზას დიდი ძებნა არ სჭირდება. საქართველოს გააჩნია სასულიერო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის ის მოდელი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მე ამაზე მისაუბრია და მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მოკრძალებით განვაცხადო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და ჩვენი ქვეყნის სულიერი მამოძრავებელი ძალა. ინსტიტუციურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და ხელისუფლება არის ცალ-ცალკე ინსტიტუციები, მაგრამ მსოფლმხედველობრივად, შეუძლებელია და არც არავინ უნდა მოისურვოს ამ კავშირის გაწყვეტა, რომელმა კავშირმაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა შემოგვინახა. სწორედ ამ კავშირის განვითარება და გაძლიერება უნდა ვისურვოთ ყველამ. ამგვარი კავშირი, რა თქმა უნდა, არის საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორისაც და ამ კავშირის გაძლიერება არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, სწორი ფორმით და სწორი თანამშრომლობით. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სურვილს, მთელი მთავრობის სახელით, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა ეს სინერგია, ეს უდიდესი მნიშვნელობის თანამშრომლობა სასულიერო და საერო ხელისუფლებას შორის შედგეს. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ქვაკუთედი არის განათლების სისტემის სწორი განვითარების ირგვლივ თანამშრომლობა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა საპატრიარქოს განცხადებას, რომლის მიხედვით, ისინი მზად არიან, თავისი წვლილი შეიტანონ მოზარდების აღზრდის გაუმჯობესებაში.
1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი კიდევ ერთი ამავე ასაკის მოზარდი პოლიციას მოგვიანებით ჩაბარდა. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.
2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. 1999 წელს დაბადებული განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.