კერძოდ, როგორც ისინი ამბობენ, საგამოძიებო მოქმედების პროცესში ოთახის კარი უცნობმა პირმა შეაღო და გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს გარეთ გასვლა სთხოვა. მისივე თქმით, გამომძიებელი დადგა კარის ზღურბლთან, რა დროსაც ივანიაძის და საიას ადვოკატის გასაგონად უცნობმა პირმა გამომძიებელს უთხრა:
“იქნებ იმათ დაურეკო და უთხრა, რომ ქუჩაში არ დააკავონ, მაიინ ყოფილი მინისტრია.”
მათივე განცხადებით, რამდენიმე წუთის შემდეგი იგივე პირი მოვიდა და კვლავ იგივე სიტყვები ოთახში მყოფ პირთა გასაგონად უთხრა გამომძიებელს.
ამ დროს, როგორც ივანიაძე და მისი ადვოკატი აცხადებენ, ივანიაძე წერდა საკუთარ ბიოგრაფიას, რომელიც მას პროკურატურაში ხელნაწერის ნიმუშის ასაღებად სთხოვეს.
“ბუნებრივია, ადამიანი, რომელიც წერს და რომელსაც აბრალებდნენ და რომელსაც იძულებით მიაცემინეს ჩვენება მინისტრის წინააღმდეგ და ამ დროს საუბრობენ ყოფილი მინისტრის დაკავებაზე, არ მგონია, რომ ეს შემთხვევითი იყო. ამის შემდეგ მე კარები დავხურე და ვთხოვე ბატონ გიორგი ლომთაძეს, მსგავსი მიმოსვლები არ ყოფილიყო,”- ამბობს ხუციშვილი.
საიას ადვოკატმა ამ ფაქტის შენიშვნის სახით ოქმში დაფიქსირება ითხოვა, რაზეც გამომძიებლის უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ დაკითხვის ოქმს ხელი არც ივანიაძემ და არც საიას ადვოკატმა არ მოაწერეს.
მაია ხუციშვილი და ივანიაძე აცხადებენ, რომ წამოსვლამდე გამომძიებელმა ივანიაძეს განუცხადა, რომ თუ ეტყოდა “თუ რატომ და ვის გამო შეცვალა ჩვენება, გარანტიას გაძლევთ, რომ არ დაგაკავებთო.”
