ახალი ამბები | ,

პრეზიდენტი: მანდატური ვერ იქნება სკოლაში სამართალდამცავი

11 დეკემბერი, 2017 | | 1788
პრეზიდენტი: მანდატური ვერ იქნება სკოლაში სამართალდამცავი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სკოლაში აგრესიის დაძლევაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ, მანდატურის სამსახური კი სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება.

“საბედნიეროდ, მაშინდელი ტენდენცია, რომ მანდატურის სამსახური დახურულიყო, არანაირად არ იქნა გაზიარებული და მე შევინარჩუნე ეს სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის. მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ მანდატურის სამსახური არის სკოლის, მასწავლებლის დამხმარე და არ შეიძლება იყოს სამართალდამცავი, ის ვერ იქნება სკოლის შიგნით სამართალდამცავი. მე იმედი მაქვს, რომ ამ ტენდენციებით, ამ სულისკვეთებით, და თქვენი ლოცვა-კურთხევით, თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ქადაგებებში ასე სწორად ორიენტირებული ღირებულებებით, ჩვენ შევძლებთ ამ აგრესიის დაძლევას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აგრესია და ბოროტება დაითრგუნება არა აგრესიით, არამედ სიყვარულით და გაზიარებით.

“პატივცემულო პრემიერმინისტრო და მინისტრო, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია სკოლაში. მე, როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი გადაწყვეტაა შესაძლებელი, არის მასწავლებლის გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება საზოგადოებაში. მხოლოდ ეს მოახერხებს რეალობის გარდატეხას და შეცვლას. საზოგადოებაში ბევრი მსჯელობაა, თუმცა აგრესიაზე და მკვლელობის ტრაგედიაზე მსჯელობის ტექსტი ხშირად აგრესიულია და ამის დაძლევის ერთადერთი ფორმა სიყვარულზე და ერთმანეთისათვის გაზიარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა, რასაც სკოლაში მასწავლებლები ატარებენ. მასწავლებელი ის ერთადერთი  რესურსია, რომელიც ცვლის განწყობას სკოლაში.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს საპატრიარქოში გააკეთა, სადაც თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის საზეიმო აღნიშვნას დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი