ახალი ამბებისამართალი

ჩემი დაკავება პროკურატურის სახელით იყო ღალატი – სააკაშვილის სიტყვა სასამართლოში

11 დეკემბერი, 2017 • 2854
ჩემი დაკავება პროკურატურის სახელით იყო ღალატი – სააკაშვილის სიტყვა სასამართლოში

კიევის პეჩორის რაიონის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მისი დაკავების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პროკურორი დაკავებამდე იტყუებოდა, თითქოს არ აპირებდნენ მის დაკავებას, ხოლო სახურავზე ასვლის შემდეგ წარუდგინა დაკავების ოქმი.

მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სასამართლოში რუსთავი 2-ის თარგმანით:

“როდესაც ვიყავი სახურავზე და მოვახდინეთ მომხრეების მობილიზება, ჩემთან მოვიდა პროკურორი. მან მითხრა, რომ გენერალური პროკურორი იძლეოდა პატიოსან სიტყვას, თითქოს არავინ დამაკავებდა, თუ წავიდოდი მათთან ერთად. მითხრა, რომ ლუცენკოს უნდოდა ჩემთან საუბარი. ამის შემდეგ დავბრუნდი ჩემს ბინაში, სადაც იგივე პროკურორმა ჯიბიდან ამოიღო ფურცელი და მითხრა, რომ ეს იყო დაკავების ოქმი. ჩემი დაკავება არის უმაღლესი კატეგორიის ღალატი პროკურატურის სახელით, რაც არის მათი სახე.

როდესაც მივყავდი მანქანით, უსაფრთხოების სამსახური მეუბნებოდა, რომ ისინი მიცავდნენ. ვეუბნებოდი, რომ დავეკავებინე, მაგრამ მათ მითხრეს, რომ არ მაკავებდნენ, რაზეც მოვითხოვე გათავისუფლება. იქ შეიქმნა ისეთი ჯაჭვი, რომ შეუძლებელია ამის აღწერა.”

მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე იხუმრა და თქვა, რომ შესაძლოა უკრაინის ხელისუფლებამ ის რუსულ მხარეს გადასცეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამდენი ადამიანი მხარდასაჭერად არასდროს გამოსულა, რამდენიც დღეს მის გამო დგას გარეთ.

“ნახეთ თქვენ, რომ უკრაინის პოლიტიკის ყველა ლიდერი მოვიდა და გუშინ გამოვიდა მთელი კიევი. არასდროს, არავის გულისთვის ადამიანი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა. ჩემთვისაც არ გამოსულან, რა თქმა უნდა… გამოვიდნენ იმიტომ, რომ პოროშენკო მობეზრდათ, მაგრამ მაიდნის შემდეგ, გუშინ ამდენი ხალხი პირველად შეიკრიბა. ეს აღარ არის ხუმრობა. ეს არის დიდი ძალა. რამდენიმე დღეს ეს ხალხი მიცავდა – ღამე, სიცივეში და უბედურებაში. მინდა გითხრათ, რომ როცა პირველად წაართვეს ჩემი თავი პოლიციას, ერთმა ადამიანმა გადაისხა ბენზინი და ძლივს გამოვგლიჯე სანთებელა ხელიდან – თავს იწვავდა. სხვებმა კიდევ რაღაც საოცრებები ჩაატარეს. ახლა, ასეთი რაღაცები, არ ვიცი… მართლა ძალიან მაგარი ხალხია.

ახლა, უბრალოდ, სასამართლოში ვარ და ლაპარაკი არ შემიძლია, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამათი გმირობის, ამათი გამბედაობის, ამათი ერთიანობის. მართლაც, გაუმარჯოს უკრაინას! საქართველოსაც… ძალიან მადლიერი ვარ ქართველების, ვინც ქუჩაში გამოვიდა ჩემს გამო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც თბილისში ჩემს გამო ახლა გარეთ არიან გამოსულები! მიყვარხართ! ჩემი ცხოვრება, გული და ყველაფერი არის თქვენთან! რა თქმა უნდა, საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. ყველაფერი კარგად იქნება,” – განუცხადა სასამართლო შესვენების დროს სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ს.

მისი თქმით, პროკურატურა საპატიმროში დატოვებას ვეღარ ბედავს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში: “ერთადერთი, მოიფიქრეს შინაპატიმრობა, რაზეც ასევე უარს ვაცხადებთ. სახის შენარჩუნებას ცდილობენ ვითომ, მაგრამ რას ნიშნავს შინაპატიმრობა? ადამიანის აგდებაა ეს. უნდა გადავაადგილდებოდე, რეგიონებში ვხვდებოდე ხალხს და ვმუშაობდე. მე ვარ ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი და სწრაფად ზრდადი პოლიტიკური ძალის ლიდერი.”

მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ ახსენა, რომ მისი დაკავება ბიძინა ივანიშვილისა და პეტრო პოროშენკოს გარიგების შედეგად განხორციელდა. რუსთავი 2-ის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ იგეგმება მისი საქართველოში ექსტრადირება, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს:

“ვაიმე… ივანიშვილმა იკითხოს, გამოატანენ თუ არა ჩემს თავს უკრაინიდან საქართველოში… თუ გამოატანენ, ჩემი თავი შემოევლოს მაგ ლოგიკას – მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება. აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მონაგონი იქნება! მე ვარ ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს ყველაზე დიდი მოძრაობის ლიდერი.”

სასამართლო დარბაზი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებითა და მედიის წარმომადგენლებით არის სავსე. მოსამართლე ისმენს როგორც დაცვის, ასევე, ბრალდების მხარის პოზიციებს. სასამართლო პროცესს ესწრება უკრაინის რადას დეპუტატი და ოპოზიციის ლიდერი, იულია ტიმოშენკო. სასამართლოში იმყოფებიან სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც. მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის მისი ცოლი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც.

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის უხეში დარღვევით. თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

[red_box]როგორ ვითარდებოდა მოვლენები[/red_box]

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავდაპირველად 5 დეკემბერს დააკავეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დასაკავებლად მის საცხოვრებელ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, თუმცა მან კორპუსის სახურავზე ასვლა მოახერხა. მოგვიანებით, დაპატიმრებული სააკაშვილის მანქანით გაყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოდან სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო, ვინაიდან ამის საშუალება მათ უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროს რადასთან ახლოს მოწყობილ კარვების ქალაქში იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიტინგზე სიტყვით მიმართავდა. მოგვიანებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი იძულებული გახდა კარვების ქალაქი 8 დეკემბრიდან დაეტოვებინა. 8 დეკემბერს, ღამით ის უკრაინელმა სამართალდამცავებმა იმ სახლში დააკავეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს აფარებდა.

10 დეკემბერს კიევში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის  – “ახალი ძალების მოძრაობის” ორგანიზებით. აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია (2004-2013). მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

2016 წლის ნოემბერში ის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. 2017 წლის ივლისში სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, მაშინ, როცა ის უცხოეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სააკაშვილი გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი). 2017 წლის სექტემბერში მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა შეიყვანეს უკრაინაში. მას შემდეგ ის კიევში იმყოფება და მართავს საპროტესტო აქციებს პოროშენკოს წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს სდებს ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღებაში მიტინგებისთვის, რომლის მიზანია უკრაინაში ხელისუფლების დამხობა.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე 5 დეკემბერს ძებნა გამოაცხადა უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).

მასალების გადაბეჭდვის წესი