ახალი ამბები

პრემიერი: განახლებულ ორბელიანზე ‘პირიმზეში’ მომუშავეებისთვის ადგილი უნდა მოიძებნოს

11 დეკემბერი, 2017 • 1528
პრემიერი: განახლებულ ორბელიანზე ‘პირიმზეში’ მომუშავეებისთვის ადგილი უნდა მოიძებნოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ორბელიანის მოედნის აღდგენის შემდეგ “პირიმზეში” მომუშავე ადამიანებისთვის უნდა მოიძებნოს ადგილი, რადგან ისინი ამ ადგილის კოლორიტს ქმნიდნენ.

“ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით. ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის იქნება უსაყვარლესი ადგილი, და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის ასევე გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი. ჩვენი ვალია დღეს, როდესაც განვითარების ახალი მოთხოვნებია, ჩვენი ვალია, თითოეული ჩუქურთმა, რომელიც ჩვენს თბილისს აქვს, თითოეულ შენობას, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვუნახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ. ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე იმისათვის, რომ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე. ეს ახალი სიცოცხლე გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქის კოლორიტს ქმნიდნენ, არიან ამ მიდამოებში მცხოვრებლები და ის ხელოსნები, რომლებიც პირიმზეში მუშაობდნენ. [ისინი] დღეს გადანაცვლებული არიან სხვადასხვა შენობებში, ყველა უნდა დარჩეს აქ იმიტომ, რომ ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი იმ განახლებულ თბილისში, რომელიც ჩვენთვის იქნება ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნული გიორგი კვირიკაშვილმა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის დაწყების წარდგენაზე განაცხადა. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი