კომიტეტის სხდომას მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ კანონპროექტს აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს.
თადუმაძის თქმით, მთავრობა ინიციატივას მხარს არ უჭერს:
“აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა გავრცელდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ბანკებზე. რაც შეეხება კერძო იპოთეკარებს, მე უფრო დასაბუთებული წერილობითი დოკუმენტი ხვალ მექნება.”
ბარამიძის თქმით, სახელმწიფო ასეთ საქმეებში არ უნდა ჩაერიოს:
“ეს არ არის ისეთი ღრმა სოციალური მოვლენა, რომელშიც სახელმწიფო უნდა ერეოდეს კანონმდებლობის გზით.”
ბარამიძემ კანონპროექტზე მთავარ მომხსენებელს, გედევან ფოფხაძეს მედიაციის საბჭოს შექმნა შესთავაზა, რაზეც ფოფხაძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარები ისედაც ეწევიან მედიაციას:
“ყველა მაჟორიტარი ვართ მედიატორები. ხან მხარეს ვეხვეწებით, რომ არ გამოასახლონ, ხან აღმსრულებელს და რა ვიცი, ყველა საშუალებას ვხმარობთ. მე გარწმუნებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი სოციალური პრობლემა, ამის უკან არის ძალიან დიდი საფრთხეები და თუ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს საფრთხეები თავს იჩენს და თავს იჩენს პოლიტიკაში, სოციალურ ცხოვრებაში და გარწმუნებთ, რომ თუნდაც რამოდენიმე პრეცედენტი საქართველოში თუ იქნა მკვლელობის და სუიციდის ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამან შეიძლება შეანგრიოს სახელმწიფოს სიმტკიცე. მე ხომ არ გეუბნებით, რომ მანქანა არ წავართვათ, ან ბიზნესი, მაგრამ არის საუბარი საცხოვრებელ სახლზე. თუ სამი საცხოვრებელი სახლი ჰქონდა და ორიდან გამოასახლეს, კარგი, გამოასახლეს, მაგრამ მესამედან ნუღარ გამოვასახლებთ. საუბარია იმაზე, რომ თავშესაფარი არ დაკარგოს ადამიანმა და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი ასოციალური პიროვნებები, რომლებიც რეალური საფრთხე იქნება ამ სახელმწიფოსთვის მთელი თავისი მოტივაციით.”
საბოლოოდ კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გედევან ფოფხაძის თქმით, იპოთეკარებისგან დაზარალებული ოჯახების საქმე ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ე.წ. რეჟიმის პოლიტიკური შეფასება:
“მგონია, რომ სახელმწიფომ ბოლომდე უნდა გაითავისოს და თავის თავზე აიღოს პასუხისხისმგებლობა. ეს საკითხი დგას იმ რიგში, რომელშიც დგას ამნისტია, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, რაც არის რეჟიმის სამართლებრივი შეფასება, ანალოგიური პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხია, რაზეც მთელი საზოგადოება და პარლამენტი უნდა ჩამოყალიბდეს და ძალიან მკვეთრი პოზიცია ჰქონდეს.”
მისივე განმარტებით, მორატორიუმის 6-თვიანი პერიოდი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღონ და იმ ხალხის მდგომარეობა შეამსუბუქონ, რომლებიც სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო დაზარალდნენ.
