“ჩემთვის დიდ პატივია მისი უდიდებულესობის ელჩად საქართველოში დანიშვნა. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ამ

ლამაზ, მდიდარი ისტორიითა და მსოფლიოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარე ქვეყანაში. ჩემი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიერო დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. ჩემს ოჯახთან ერთად მოუთმენლად ველი მომდევნო რამოდენიმე წელი აქ მუშაობასა და ცხოვრებას. ასევე მიხარია, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ისეთ განსაკუთრებულ დროს მომიწია ჩამოსვლა, როგორიცაა სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადება. ვიცი, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საქართველოში ძალიან პოპულარულია და იმედი მაქვს, ამ სიხარულს ჩვენთან ერთად ჩვენი ქართველი მეგობრებიც გაიზიარებენ”, – განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. მის კომენტარს დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
ჰოლ ჰოლი სრულად შეუდგება საქართველოში დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლამდე ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა საკითხებზე მუშაობდა. მათ შორის, სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაზე, შუა აზიაზე, ლათინურ ამერიკასა და გაერთიანებულ ერებზე. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის დეპარტამენტს. მას ნამუშევარი აქვს ბანკოკში, ვაშინგტონსა და დელიში. მან ასევე ორი წელი გაატარა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. არც ისე დიდი ხნის წინ იყო ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ბოგოტაში.
