სასტიპენდიო პროგრამას „ცოდნის კარი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს, თუმცა, თუკი აქამდე მხოლოდ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისთვის ფინანსდებოდნენ სტუდენტები, წელს პირველად, კონკურსი გამოცხადდა ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზეც.
წელს, ასევე, პირველად, სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებიც ფინანსდება, რომლებიც აკადემიურ ხარისხს არ გულისხმობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანდიდატის დაფინანსების შესახებ. წელს სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების ოთხი სტუდენტი დაფინანსდა.
მთლიანობაში წელს დაფინანსებული სტუდენტები სტატისტიკა მიმართულებების მიხედვით ასე გადანაწილდა: სოციალურ-ჰუმანიტარული მეცნიერებები – 47%; სამართალი – 17%; ბიზნესის ადმინისტრირება – 13%; სახელოვნებო -13%; ზუსტი და გამოყენებითი მეცნიერებები – 10%.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს იმ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც სამინისტრო უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამებზე სწავლას უფინანსებს.
2013 წელს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 375 განაცხადი შევიდა სამინისტროში და მათგან 77 სტუდენტი (29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორი) დაფინანსდა.

