დადგენილებით განისაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ამოცანები. შესაბამისად, მისი ამოცანა არის საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის (პირებისათვის)კონსულტაციის გაწევა მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) საჯარო და კერძო დაწესებულებებში და საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
დადგენილებაში ასევე წერია, რომ ინსპექტორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა თანამდებობის პირს და ორგანოს და მასზე რაიმე სახის ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და ისჯება კანონით.
დადგენილების მიხედვითვე, ინპექტორი კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს.
ინსპექტორისა და აპარატის საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა, ინპექტორი უფლებამოსილია საქმიანობის განსახორციელებლად გრანტებიც მიიღოს.
რაც შეეხება მის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს, ინსპექტორი ვალდებულია: შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე; განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ასევე, თუ საქმიანობის პროცესში მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ინსპექტორი უფლებამოსილია განახორციელოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) საჯარო და კერძო დაწესებულებებში; მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დარღვევების და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების გამოსწორება მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში; მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მათი გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით; მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება ხორციელდებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის საწინააღმდეგოდ და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოავლენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და განიხილოს საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
აღნიშნული დადგენილებითვე, ინსპექტორი ვალდებულია, ყოველი წლის 1 მარტამდე მოამზადოს და გამოაქვეყნოს ანგარიში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ანგარიში კი უნდა მოიცავდეს ქვეყანაში მონაცემთა დაცვის მდგომარე-
ობის ზოგად შეფასებას, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აგრეთვე, ინფორმაციას ინსპექტორის მიერ გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების, განხილული განცხადებების, ჩატარებული შემოწმებების, მომზადებული დასკვნებისა და რეკომენდაციების, გამოყენებული ღონისძიებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი დაინიშნა.
