ახალი ამბები

ენმ: სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ

9 დეკემბერი, 2017 • 2204
ენმ: სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო აცხადებს, რომ უკრაინაში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

სააკაშვილის საკითხის გამო ენმ-ის პოლიტსაბჭო დღეს, 10 დეკემბერს, საღამოს შეიკრიბა. შეკრების შემდეგ პოლიტსაბჭოს ერთიანი პოზიცია მედიას ნიკა მელიამ გააცნო.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. ამგვარი ქმედება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობისა და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე. ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა, კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვის არის შეთხზული. მოქალაქეობის ჩამორთმევიდან დაპატიმრებამდე განხორციელებული მთელი რიგი უკანონო ქმედებები მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის ნეიტრალიზებას ემსახურება, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. აშკარაა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს სურთ პოლიტიკური ბრძოლის ველს ჩამოაშორონ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი. მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ორი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებისგან, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან. ჩვენს მკაფიო პოზიციაზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი ქვეყნების ნათელი მომავალი, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდემოკრატიული და ავტოკრატიული ტენდენციების შეჩერება. თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპატიმრებებითა და ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა და მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პოზიცია თავისუფალი სამყაროს უკლებლივ ყველა პრინციპულმა ლიდერმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს. მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს უმძიმესი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია, ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად, ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მისი მხარდამჭერები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში კიდევ ერთხელ, 8 დეკემბერს დააკავეს. ამჯერად სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წაყვანა მოახერხეს.  სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, რომ ხვალ, 10 დეკემბერს, დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნით.

მიხეილ საააშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღე კიევში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა. პარალელურად, უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პრორუსული ძალების მიერ, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებას მიტინგებისთვის, რომლის მიზანი იყო მთავრობის დამხობა. თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს. 5 დეკემბერს უკრაინის ძალოვან უწყებებს მისი დაკავების საშუალება მხარდამჭერებმა არ მისცეს. მას შემდეგ სააკაშვილი ღამეებს ათევს კარვების ქალაქში, რომელიც კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.

ნეტგაზეთმა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ 7 დეკემბერს მის კარავში ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი