“ფარული კამერით რომ შედის ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მისი ჩხრეკა არ მიმდინარეობს, ან თუ მიმდინარეობს- არასათნადოდ, ეს არის დანაშაული. პროკურატურას იმდენად გაუჭირდა, რომ იძულებული იყო გაესაჯაროებინა და ეთქვა, რომ კი, მე უკანონოდ ჩავიწერე. ეს რომ კანონიერი ყოფილიყო და მოსამართლის ნება ყოფილიყო ამ ჩანაწერზე, ეს იქნებოდა საქმის მასალებში, ასეთი რამ კი საქმის მასალებში არ ყოფილა”, – აცხადებს ნიკოლაიშვილი.

 

რამდენიმე დღის წინ მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ მასთან ციხეში შუაღამის შედიოდნენ პროკურორები და ახდენდნენ ზეწოლას. ეს ინფორმაცია 19 ივლისს, “ნეტგაზეთთან” საუბარში დაადასტურა გელა ნიკოლაიშვილმაც:

 

“როდესაც გამომძიებლები ივანიაძეს შუაღამისას აკითხავდნენ ციხეში, რა თქმა უნდა, ის მათთან სასაუბროდ ნებაყოფლობით გადიოდა და ბორკილებით არავის არ გაუყვანია. პრობლემა ეს არ არის. პრობლემაა ის, რომ გამომძიებლები მასთან მიდიოდნენ გასასაუბრებლად და არა დასაკითხად, არ შეუდგენიათ დაკითხვის ოქმი, ამ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებულის ადვოკატი. ისინი ივანიაძესთან ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყვნენ შესული. ივანიაძე იმ დროს იყო დათრგუნული, შეშინებული და როგორ გაუწევდა წინააღმდეგობას მათ?”

 

“ნეტგაზეთმა” მაშინვე ამ საკითხზე შეკითხვით მიმართა სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს, რომელმაც ასეთი პასუხი გაგვცა: “ბრალდებულს მისი ნების გარეშე დასაკითხ ოთახში არავინ არ გაიყვანდა და თუ ეს მოხდა, ეს იქნებოდა მისი თანხმობის შემთხვევაში”.

 

პროკურატურამ გუშინ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია მამუკა ივანიაძის საუბარი ე.წ. ტრაქტორების საქმეზე. აღნიშნული საქმე, როგორც პროკურატურაში გუშინ განაცხადეს, დიდწილად სწორედ ივანიაძის თანამშრომლობის შედეგად გაიხსნა, თუმცა მოგვიანებით ივანიაძემ განაცხადა, რომ ჩვენება პოლიციამ და პროკურატურამ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. გუშინ პროკურატურაში განაცხადეს, რომ შეისწავლეს ეს საქმე და დაადგინეს, რომ გამოირიცხა რაიმე ტიპის ზეწოლა ივანიაძეზე და იქვე დასძინეს, რომ დამატებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუკი დაადასტურებენ ივანიაძის მხრიდან ცრუ დასმენის ფაქტს. 

 

ივანიაძეს პროკურატურაში ამ წუთებში იკითხება, მასთან ერთად იმყოფება საიას იურისტი მაია ხუციშვილი, ხოლო ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა პროკურატურა უკვე დატოვა:

 

“როგორც გამომძიებელმა აქამდე განმიცხადა, ივანიაძე ხელწერილისთვის არის დღეს დაბარებული. მე შევედი პროკურატურაში იმისთვის, რომ დამედგინა, ზუსტად ამისთვის იყო თუ არა ის დაბარებული და ეს პროცესი ახლა იქ ნამდვილად მიმდინარობს.”

 

ნიკოლაშვილის თქმით, მამუკა ივანიაძე არც უარყოფს, რომ ჩვენება მის მიერ არის დაწერილი, უბრალოდ, საუბარია იმაზე, როგორ პირობებში და გარემოში იყო ის დაწერილი.

 

შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს და 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 11 ივლისს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მან გამოძიებას ჩვენება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა.

 მამუკა ივანიაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე 2013
მამუკა ივანიაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე 2013

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *