ახალი ამბები

ბრალდებული მღვდლების მხარდასაჭერად სასამართლოში მრევლი და პოლიტიკოსების ნაწილი იმყოფებიან

23 ივლისი, 2013 • 1545
ბრალდებული მღვდლების მხარდასაჭერად სასამართლოში მრევლი და პოლიტიკოსების ნაწილი იმყოფებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდნენ სასულიერო პირები, მრევლი და პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ 17 მაისის საქმეზე ბრალდებულ მღვდლებს, სწორედ მათი სასამართლო პროცესი დაიწყება რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ სასამართლოში სასულიერო პირებისადმი სოლიდარობის ნიშნად მივიდა:

 

“რა თქმა უნდა, კანონის წინაშე საეკლესიოც და საეროც, ერიც და ბერიც, ყველა თანასწორია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ყურადღება მიექცეს მორალურ კატეგორიასაც, მე, როგორ საქართველოს ქრისტიანული, მართლმადიდებლური ეკლესიის შვილი, დღეს აქ, სასულიერო პირების პროცესზე, მოვედი იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო სამღვდელო პირებს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სასამართლოს გადაწყვეტულება იქნება შესაბამისი და სამღვდელო პირებს არ დაეკისრებათ მძიმე სასჯელი, ეს არის მოლოდინი ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ეკლესიის შვილების. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ, სამწუხაროდ, დღეს საბრალდებო სკამზე სხედან სასულიერო პირები და გმოვთქვამ იმედს, რომ სასჯელი იქნება მსუბუქი”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

“ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, დღეს “უადანაშაულო მღვდლების გასამართლებას ცდილობენ”:

 

“მორწმუნე საზოგადოება, ჩვენი საზოგადოების 80% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა ისინი მოატყუა, უღალატა და დღეს დგას სწორედ იმათთან ერთად, ვინც სააკაშვილთან ერთად ებრძოდა პირადად მას. ეს ხალხი, მორმწუნე ერი არის თანამებრძოლი ბიძინა ივანიშვილს. ისინი ებრძოდნენ სააკაშვილს და ისინი ცდილობენ სწორედ ამ ხალხის, უდანაშაულო მღვდლების გასამართლებას”, – განაცხადა ბაღათურიამ.

 

სასამართლოში, ასევე, მისული არიან 17 მაისის კონტრაქციის ორგანიზატორები – გიორგი გაბედავა და ევგენი მიქელაძე. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე განიხილავს 17 მაისის საქმეზე ბრალდებულების საქმეს:

 

“თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

ირაკლი ბასიალაიას ადვოკატის ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების განხილვა და დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის საკითხი განიხილება:

 

“დაცვის მხარეს გვაქვს კონკრეტული შუამდგომლობები, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ირაკლი ბასიალაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. მიგვაჩნია, რომ კანონთან შესაბამისობაში არ არის და ამ ნაწილში ჩვენ სამართლებრივად დავასაბუთებთ ჩვენს პოზიციას.”

 

სასამართლოს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

 

17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფელშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასაულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების კონკრეტულმა ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს, გაარღვიეს პოლიციის კორდონი და განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი და დაზიანდა საქალაქო ტრანსპორტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი