ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ლევან სურმანიძის თქმით, ცოტა ხნის წინ მინისტრ დავით ბალაძესთან შეხვედრა სამსახურის დაკარგვად დაუჯდა. ის ამ შეხვედრის ერთ ფრაგმენტს ასაჯაროვებს:
“20 აპრილს შევედი მასთან კაბინეტში და ვუთხარი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამდებობის კონკურსში მონაწილეობა მინდოდა. გაოცებულმა შემომხედა… 15 დღეში დამიძახა და მითხრა, ამბიციური ხარ. ხომ იცი, რომ დეპარტამენტის უფროსი მეგობარი უნდა იყოს მინისტრის, შენ არ ხარ ჩემთვის სანდო ადამიანი და ვერსად ვხედავ შენ თავსო”.
ამ შეხვედრიდან ცოტა ხანში ლევან სურმანიძე ფინანსთა სამინისტროს მიღმა აღმოჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძველზე დაითხოვეს, მისი სამსახური კი საერთოდ გაუქმდა. უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი მინისტრის – დავით ბალაძის მსხვერპლია, რადგან იმ თანამდებობის დაკავება მოინდომა, რომელზეც მინისტრმა თავისი მეგობარი – არჩილ სირაბიძე დანიშნა.
ლევან სურმანიძის თქმით, მინისტრი მას ეუბნებოდა, რომ სურმანიძის სამსახურში დატოვების წინააღმდეგი იყვნენ არჩილ ხაბაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი.
“არჩილ ხაბაძეს სმს-ი მივწერე, ჭეიშვილს ფეისბუქზე გავუგზავნე შეტყობინება, თქვენი სახელით მათავისუფლებენ-მეთქი. არავითარი რეაგირება არ ყოფილა. სამაგიეროდ, რა ინფორმაციაც გავუგზავნე ჭეიშვილს, ის დააკოპირა და გადმოუგზავნა ბალაძეს”.
ლევან სურმანიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროში თანამშრომლების ერთმა ჯგუფმა უკვე იცის, რომ ისინი ტესტირების გზით სამსახურიდან უნდა დაითხოვონ. ყოფილი მოხელის აზრით, დავით ბალაძე ადგილებს თავის სხვა მეგობრებს უთავისუფლებს. ამის კიდევ ერთ მაგალითად კი ასახელებს ირაკლი ლოჩოშვილს, რომელიც სამინისტროს საქვეუწყებო ლაბორატორიაში მოადგილეა:
“ეს შტატი საგანგებოდ მისთვის დაუშვეს, მინისტრთან ნათელმირონობა აკავშირებს”.

მინისტრი დავით ბალაძე სხვა პრობლემაზე საუბრობს. მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ ლევან სურმანიძე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა: “ბატონი ლევანი სამინისტროში მუშაობდა, მაგრამ არ შემიძლია ამოგიღოთ დოკუმენტი, სადაც ბოლო ოთხი
თვის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული საქმე ფიქსირდება”.
მინისტრი ადასტურებს, რომ არჩილ სირაბიძე მისი მეგობარია, მაგრამ ამბობს, რომ არ იცის აქვს თუ არა მას ნათესაური კავშირი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოჯახთან: “არჩილ სირაბიძე წლებია მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მე არ მომიყვანია. იყო საბიუჯეტო განყოფილების უფროსი, ასევე მუშაობდა აუდიტის სამსახურში. აქვს ნამუშევარი სხვა სამსახურებშიც, რაც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაგვეწინაურებინა. ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნების დანიშვნასთან ბატონ არჩილ ხაბაძეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო”.
კონკრეტულ კითხვაზე, არის თუ არა არჩილ სირაბიძე თქვენი მეგობარი? – მინისტრის პასუხია – “კურსელები ვიყავით. არ ვმალავ, რომ მეგობრობა მაკავშირებს”.
სხვებისგან რა გამორჩეული უნარების გამო დანიშნეთ მეგობარი ადმინისტრაციული დეპარტამენტის თავმჯდომარედ? – ამ კითხვაზე დავით ბალაძე ასე პასუხობს: “ადმინისტრაციის თანამდებობის პირს ბევრი ფუნქცია ავალია, თუნდაც ის, რომ შეიმუშაოს და შექმნას ადგილობრივი ბიუჯეტი, სამსახურის ბიუჯეტი რასაც ჰქვია. წელს ეს არის დამტკიცებული და შემიძლია გითხრათ, რომ მარაზმია…
აქვს გამოცდილება აუდიტის სამსახურში მუშაობის, კარგად იცის შესრულების კანონი და სხვა მასთან დაკავშირებული პროცედურები…”
დავით ბალაძის თქმით, არჩილ სირაბიძის მსგავსად ირაკლი ლოჩოშვილიც მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია: “ის, რომ შტატი დავუშვით ირაკლი ლოჩოშვილისთვის, აბსურდია. ის 2013 წლის 20 მაისს დაინიშნა თანამდებობაზე, შტატები დაშვებულია 2013 წლის 25 იანვარს. თუ მეგობრული ნიშნით მსურდა ამ ადამიანის დანიშვნა, შტატის დაშვებიდან მეორე დღესაც დავნიშნავდი, მაგრამ აქ არ არის გამოყენებული მეგობრული ნიშნით დანიშვნა. ის, უბრალოდ, პროფესიონალია თავისი საქმის… ჩვენ კოლეგები ვიყავით, საგადასახადოში ერთად ვმუშაობდით”.
ლევან სურმანიძისგან მიღებული ფაილების დაკოპირების შესახებ ირაკლი ჭეიშვილი ამბობს: “დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ასეთი შინაარსის წერილი მომწერა, დათო ბალაძე მათავისუფლებს უკანონოდ, მისი თანაშემწე ვარ და ასე შემდეგ… მე ამ ადამიანს არ ვიცნობდი, შესაბამისად, მისი წერილი უკომენტაროდ გადავუგზავნე ფინანსთა მინისტრს. საღამოს როცა ვნახე დავით ბალაძე, ვკითხე მიზეზი, თუ რატომ ათავისუფლებდა ან ვინ იყო ეს პირი. იგივე მითხრა დავითმა, რაც თქვენ – რომ ეს ადამიანი იყო ხელშეკრულებით და ასე შემდეგ…”
აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, არჩილ სირაბიძე არჩილ ხაბაძის მეუღლის მოგვარეა და ნათესაური კავშირი არ აქვს.
